LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმური კონცერტით, ქართული ცეკვითა და პუბლიკით აღფრთოვანებული ქუინსი ჯონსი…

205

მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე რამდენიმე ათეული წელია, დგას. “გრემიზე” იმდენჯერ იყო წარდგენილი, რომ დათვლა გაგვიჭირდება, მიღებული აქვს “ოსკარის” 7 ნომინაცია, უმუშავია უდიდეს ვარსკვლავებთან, მათ შორის მაიკლ ჯეკსონთან, რომლის სამი ალბომის პროდიუსერიც გახლავთ. დაუჯერებელია, მაგრამ ბათუმის მეათე “ბლექ სი ჯაზფესტივალი” ქუინსი ჯონსმა გახსნა განსაკუთრებულ მუსიკოსებთან ერთად. ჯეკობ კოლიერი, ალფრედო როდრიგესის ტრიო და რიჩარდ ბონა... გენიალურმა მუსიკოსებმა ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე მოწყობილ ულამაზეს სცენაზე საკუთარი ხელწერა დატოვეს. საღამო, რომელსაც ლეგენდარული კომპოზიტორი და პროდიუსერი თავად უძღვებოდა, დიდხანს დაამახსოვრდებათ მელომანებს.

ოთხსაათიანი შოუს განმავლობაში მუსიკალურად იმდენი სიახლე დავაგემოვნეთ, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდით.

13700188_1561555247206053_2046483149313230198_nქუინსი ჯონსი ქართულ აუდიტორიას მიესალმა და პირველი გამომსვლელი, 21 წლის მულტინსტრუმენტალისტი და ვოჯალისტი, ჯეკობ კოლიერი წარუდგინა, რომელმაც დაუვიწყარი შოუ შემოგვთავაზა. სტივი ვანდერის ჰიტით “Don’t you worry about the thing” გახსნა საკუთარი პროგრამა, თუმცა რასაკვირველია, სრულიად გამორჩეული იმპროვიზაციით… მუსიკოსი იქვე, სცენაზე, იწერს სხვადასხვა ინსტრუმენტს და დარბაზის სრული ჩართულობით, მას მუსიკალურ საოცრებად გარდაქმნის. ამას თან ახლავს ეკრანული თანხლებაც, რომელიც შოუს კიდევ ერთ პლუსს უწერს. ჯეკობ კოლიერი ქართველმა მსმენელმა საუკეთესოდ მიიღო და გააცილა…

შემდეგი კი პიანისტი ალფრედო როდრიგესი გახლდათ, რომელიც ქუინსი ჯონსმა კუბაზე აღმოაჩინა. მისმა ტრიომ, ჯაზურ პრიზმაში გატარებულმა კუბურმა ჰანგებმა, რომელიც სრულიად ჰარმონიულად იღვრებოდა სცენიდან, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამგვარი სინთეზი მაშინ ამართლებს, როცა ის ძალდაუტანებელი და ზომიერია. როდრიგესის, როგორც პიანისტის ტექნიკაზე, უბრალოდ, აღარ შევჩერდებით, რადგან 25 წლის მუსიკოსის შესაძლებლობები ამ მხრივ განუსაზღვრელია.

შოუს მესამე ნაწილში აფრიკულ-კუბური მუსიკის ნაზავი მოვისმინეთ. მოვისმინეთ და ავცეკვდით კიდეც, რადგან მან საღამოს მუსიკალურადაც და ვიზუალურადაც გემოვნებიანი სიჭრელე შესძინა.

44რაც შეეხება ქუინსი ჯონსს და მისი ვიზიტის არაოფიციალურ ნაწილს. თავად მუსიკოსი და მისი მენეჯმენტი ძალიან კმაყოფილი დარჩნენ იმ აპარატურით, რომელიც ქართულმა მხარემ დაახვედრა. ჯონსს მასპინძლების მიერ შეთავაზებულ არც ერთ მიწვევაზე მუსიკოსს უარი არ უთქვამს. ქართული კერძების დაგემოვნება ორ რესტორანში – “მეგრულ-ლაზური” და “აჭარული სახლი” შეძლეს. აჭარის ფოლკლორულმა ანსამბლმა ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულა. როგორც შევიტყვეთ, ქუინსი ჯონსი ქართული ცეკვითა და კოსტიუმებით აღფრთოვანებული დარჩა. მან ორგანიზატორებს სთხოვა, ნიჭიერი ადამიანები გააცნონ საქართველოდან… ჯონსი ასევე მოიხიბლა ქართული პუბლიკით და ზოგადად, მის მიმართ გამოჩენილი სითბოთი. ქუინსი ჯონსს კულტურის მინისტრის მოადგილემ, კახა კანდელაკმა უმასპინძლა, ის და მისი მეუღლე ლეგენდარულმა მუსიკოსმა ვერცხლის სამაჯურებით დაასაჩუქრა…

მუსიკოსი საქართველოს დღეს დატოვებს. ბათუმის ჩოგბურთის კორტები კი საღამოს მაილს ელექტრიკ ბენდს უმასპინძლებს.

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g