თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 28 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ახორციელებს პროექტს „ბავშვები ბავშვებისათვის – სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრის მუსიკალურ-შემეცნებითი ღონისძიებები იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მოზარდებისთვის“.
„ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრი დაარსდა დაახლოებით 20 წლის წინ, სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგის, ქალბატონ ირინა ოდიშარიას ინიციატივით, რომელიც დღემდე წარმატებით ხელმძღვანელობს კოლექტივს. ორკესტრის რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც დასავლეთევროპელი, ასევე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრი დაკომპლექტებულია III-XVIII კლასის მოსწავლეებით.
დაარსების დღიდან ორკესტრის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოზარდებისთვის კლასიკური მუსიკის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მისი პოპულარიზაცია. სწორედ ამ მიზნით, ორკესტრი ხშირად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და კონცერტებს მართავს როგორც საჯარო სკოლებში, ასევე კულტურის სახლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სახალხო დღესასწაულებზე, პანსიონებში, ბავშვთა სახლებში, საქველმოქმედო ღონისძიებებსა და სხვადასხვა სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობებში. შესაბამისად, „ნიჭიერთა ათწლედის საბავშვო ორკესტრი“ ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რასაც კიდევ უფრო უწყობს ხელს მათი ხშირი მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში.
პროექტის მიზანია: კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და 2025 წლის ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისათვის საზეიმო განწყობის შექმნა; „ნიჭიერთა ათწლედის საბავშვო ორკესტრის“ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების ფართე საზოგადოებისთვის გაცნობა; იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში (თერჯოლა, სამტრედია, ტყიბული, წყალტუბო, ხონი, ბაღდათი, ვანი, ქუთაისი), სადაც კლასიკური მუსიკის ცოცხალი შესრულებით მოსმენა დიდი ფუფუნებაა, მოზარდებში კლასიკური მუსიკალური ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვიძება, მათი გემოვნების ჩამოყალიბება; „ნიჭიერთა ათწლედის“ და იმერეთის რეგიონების მოსწავლეების ერთობლივი აქტივობების განხორციელება; მოზარდებში კლასიკური მუსიკასადმი სიყვარულის გაღვივება, პროფესიული სპეციფიკისა და უნარების და საბაზისო კომპეტენციების გამომუშავებაში დაეხმარება; თერჯოლის, სამტრედიის, ტყიბულის, ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო და სამუსიკო სკოლების მოსწავლეების მუსიკალური განათლების დონის ამაღლება; მუსიკის მასწავლებელთა ახალი გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვა; ზემოთ აღნიშნული აქტივობების შედეგად, იმერეთის მხარის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებში სტრესისა და შინაგანი დაძაბულობის დაძლევის მცდელობა, ჭეშმარიტი ჰუმანისტური ფასეულობებისა და იდეალების გაღვივება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ინიციატივით განხორციელებული პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“ უკვე მეოთხედ იმართება. პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში.
სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედისა“ და ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრის შემადგენლობაში მონაწილეობენ ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის საუკეთესო მოსწავლეები, რაც პროექტს კიდევ უფრო ღირებულს, მრავალფეროვანსა და მნიშვნელოვანს ხდის.
კონცერტების განრიგი:
29 სექტემბერი, ორშაბათი
29.09.2025 13:00 ტყიბულის მ. ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა
29.09.2025 15:30 თერჯოლის ვ. კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა
30 სექტემბერი, სამშაბათი
30.09.2025 12:30 რ. ლაღიძის სახელობის ბაღდათის კულტურის ცენტრი
30.09.2025 15:30 ლ. გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრი
1 ოქტომბერი, ოთხშაბათი
01.10.2025 13:00 სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრი
01.10.2025 15:30 ხონის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზი
2 ოქტომბერი, ხუთშაბათი
02.10.2025 16:00 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
3 ოქტომბერი, პარასკევი
03.10.2025 16:00 ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი
კონცერტებზე დასწრება თავისუფალია
