ბავშვები, ქალები, ასაკოვანი ხალხი ცოცხლად დაიმარხნენ, – ამის შესახებ ბატალიონ „აზოვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ქუფარაშვილმა მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მან გაიხსენა შემთხვევები, როდესაც ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ადამიანების ხმები ისმოდა, თუმცა ხალხის ამოყვანა ვერ ხერხდებოდა.
„აბსოლუტურად ყველა შენობაში ყველა კორპუსში მცხოვრებლები სარდაფებში იყვნენ. მოსახლეობის გამოყვანა იქიდან შეუძლებელი იყო. ბევრჯერ გვინახავს, როცა ესვრიან შენობებს და ჩემს თვალწინ, ათამდე კორპუსი მაქვს ნანახი, რომ ჩამოშლილა, სადაც მანამდე, 100-მდე ადამიანი ყოფილა. ბრძოლები გაგრძელებულა, აგვიღია ეს ტერიტორია, ხანდახან ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხმები ისმის, მაგრამ მათი იქიდან ამოყვანა შეუძლებელია. ის ხალხი არის ცოცხლად ჩამარხული როგორც ბავშვები, ისევე ქალები, მამაკაცები, ასაკში მყოფი ხალხი, ისინი ცოცხლად დაიმარხნენ.
ყოველდღიურ საკვებზე ისინი გამოდიოდნენ და რაღაცნაირად გროვდებოდა ან წყალს აგროვებდნენ როგორღაც, ან სამხედროებისგან იღებდნენ საკვებს, ეს იყო ერთი დღის მარაგი. იქ გათბობა არ არის, განათება არ არის, წყალი არ არის, სამედიცინო დახმარება არ არის – ისინი არიან ცოცხლად დამარხულები“, – განაცხადა ქუფარაშვილმა.