LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვებს შეიძლება გამოუვლინდეთ ისეთი ნიშნები, როგორიცაა…“ – რეკომენდაცია მშობლებს: როგორ უნდა მოიქცეთ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების საგრძნობი მომატებისას

3022
პედიატრი ჰაერის დაბინძურებაზე

ბავშვების სასუნთქი სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარემოს დაბინძურების მიმართ, რადგან მათი ფილტვები ჯერ კიდევ განვითარებადია, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი უფრო ნაზი, ხოლო სუნთქვის სიხშირე შედარებით მაღალია. სწორედ ამიტომ, მყარი ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურების პირობებში ბავშვები უფრო მეტ მავნე ნაწილაკს და გამღიზიანებელ ნივთიერებას ჩაისუნთქავენ, ვიდრე მოზრდილები.

„ბოლო დროს ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

როგორც „ფორტუნას“ პედიატრიული კლინიკის უმცროსმა ექიმმა, ივლიანე სურმავამ განუცხადა, იმ ფონზე, როდესაც ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების საგრძნობი მომატება ხდება, ბავშვებს შეიძლება გამოუვლინდეთ ისეთი ნიშნები, როგორიცაა ხველა, ყელისა და თვალების გაღიზიანება, სუნთქვის გაძნელება, ალერგიული სიმპტომების გაუარესება და ასთმის შეტევების გახშირების მაღალი რისკი. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ჩვილებს, ასევე ბავშვებს, რომლებსაც უკვე აქვს რესპირატორული ან ალერგიული დაავადებები.

პედიატრიული კლინიკის უმცროსი ექიმი მშობლებს მიმართავს რეკომენდაციით – როგორ უნდა მოიქცნენ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების საგრძნობი მომატებისას:

  • ბავშვები გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გაიყვანეთ.
    განსაკუთრებით მოარიდეთ დილისა და საღამოს საათებს, როცა ჰაერის დაბინძურება პიკის ნიშნულს აღწევს.
  • შეზღუდეთ გარე ფიზიკური აქტივობა.
    სირბილი, თამაში და სხვა სახის ფიზიკური დატვირთვა ზრდის სუნთქვის სიხშირეს და შესაბამისად – მავნე ნაწილაკების უფრო ღრმად შეღწევას სასუნთქ გზებში.
  • სახლი გაანიავეთ მხოლოდ იმ მოკლე ინტერვალებში, როცა ჰაერის ხარისხი შედარებით გაუმჯობესებულია.
    უმჯობესია ერთ–ორ ადრეულ ან შუადღის მონაკვეთში, არა ხანგრძლივად.
  • უზრუნველყავით საკმარისი სითხის მიღება.
    წყალი ეხმარება ლორწოვანი გარსების დატენიანებას და ამცირებს გაღიზიანებას.
  • ასთმის ან ალერგიული დაავადებების მქონე ბავშვებმა აუცილებლად უნდა გააგრძელონ ყოველდღიური მკურნალობა.
    ზედამხედველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სმოგის დღეებში.
  • სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
    თუ ბავშვს უჩნდება ქოშინი, ძლიერ ან გახანგრძლივებული ხველა, სუნთქვის გაძნელება, მკერდის ტკივილი ან აშკარა დაღლილობა – რეკომენდებულია დროული კონსულტაცია პედიატრთან.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g