LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვებში ეგოიზმის გამომწვევი მიზეზები დაკავშირებულია აღზრდის სტილთან და ოჯახურ გარემოსთან“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

56
leliyifiani2021

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ვლინდება ეგოიზმი ბავშვებში  – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ლელი ყიფიანმა ისაუბრა.

რა არის ეგოიზმი?

ეგოიზმი ლათუნურად ego – „მე“, როდესაც ადამიანი ფიქრობს  და ზრუნავს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე, სარგებელზე, მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და არ ითვალისწინებს, არ ფიქრობს მის ირგვლივ მყოფთა ინტერესებზე, ის განიხილება ადამიანის ნეგატიურ თვისებად.

ეგოიზმი ადამიანის ბუნების შემადგენელი ნაწილია, ის შეიძლება იყოს რაციონალური და ირაციონალური. რაციონალურია, როდესაც ადამიანს აქვს უნარი იმოქმედოს ისე, რომ მიიღოს სარგებელი, მაგრამ გაითვალისწინოს სხვა ადამიანის ინტერესები, შეძლოს იწინასწარმეტყველოს მის ქმედებას რა შედეგი მოჰყვება. შეაფასოს სიტუაცია ან პრობლემა სხვა ადამიანის ხედვით და იმოქმედოს, რომ ამ ადამიანს მოუნდეს მის სასარგებლოდ რაიმეს გაკეთება. რაციონალური ეგოიზმია, როდესაც ადამიანს შეუძლია მოაგვაროს საკუთარი პრობლემები, იზრუნოს საკუთარ თავზე სოციალურად მისაღები მეთოდებით და ამით ზიანი არ მიაყენოს სხვებს.

ირაციონალური ეგოიზმის დროს ადამიანები იმპულსურად მოქმედებენ და  ამას საფუძვლად უდევს ეგოცენტრიზმი. ადამიანი გარკვეული სიტუაციების ინტერპრეტაციას ახდენს მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან და არ შეუძლია გააცნობიეროს, რომ სხვას შეიძლება სიტუაციის განსხვავებული აღქმა ჰქონდეს. დარწმუნებულია, რომ სხვებიც მის მსგავსად უნდა ფიქრობდნენ, გრძნობდნენ და ა.შ. მისთვის მისაღებია ქცევის აგრესიული ფორმები. არ აქვს შინაგანი ჰარმონია.

ეგოიზმის საპირისპირო თვისებაა ალტრუიზმი, როდესაც ადამიანი სხვას ეხმარება უანგაროდ, თუმცა  შეიძლება ვიფიქროთ, რომ ალტრუიზმიც შეიცავს გარკვეულ წილად ეგოიზმს, „მე ვეხმარები სხვა ადამიანს, ამით ვიკმაყოფილებ სულიერ მოთხოვნილებას, რომ ავირიდო შინაგანი დისკომფორტი“.

როგორ ვლინდება ეგოიზმი ბავშვებში?

პირველი სოციალური გარემო, სადაც ბავშვი ხვდება – ეს არის ოჯახი, ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ბავშვთა ეგოიზმი არის გარემოსთან ურთიერთობის ფორმა და გადარჩენის მექანიზმს წარმოადგენს. ჩვილობის ასაკში, როდესაც შია, ის იწყებს ტირილს. ამ დროს არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნება სხვას, მხოლოდ მიისწრაფვის საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე. დაახლოებით ორი წლის ასაკიდან ბავშვი იწყებს საკუთარი ინდივიდუალურობის აღქმას, იწყება „მე“-ს ჩამოყალიბება, საკუთარ თავს გამოყოფს სხვებისგან და იწყება პიროვნების ფორმირება, რისთვისაც მას სჭირდება შექება, მოფერება, ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამიტომ ის შეიძლება იყოს ჯიუტი და კაპრიზული. როგორ ჩამოყალიბდება მისი პიროვნება, მისი ურთიერთობა სხვებთან, დამოკიდებულია მის ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. ისწავლის თუ არა სხვების მოთხოვნილებების, სურვილების,  ემოციების გაგებასა და თანაგანცდას, დამოკიდებულია ოჯახზე.

ბავშვებში ეგოიზმის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს და ეს დაკავშირებულია აღზრდის სტილთან:

ეგოიზმი განსაკუთრებით შესამჩნევია იმ დროს, როდესაც მშობლები ორიენტირებულნი არიან მხოლოდ შვილის მოთხოვნილებების, სურვილების დაკმაყოფილებასა და კომფორტზე, მუდმივად ხდება მისი პიროვნებით აღფრთოვანება, როგორი ნიჭიერია. მშობლები ვერ ამჩნევენ, რომ ხელს უწყობენ  ბავშვი იყოს მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებული, ეგოცენტრული. ორიენტირებული მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე, გრძნობებსა და ინტერესებზე. მომავალში შესაძლებელია ჩამოუყალიბდეს გულგრილობა სხვა ადამიანების მიმართ. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, როდესაც ისინი ცხოვრობენ მხოლოდ შვილისთვის, შვილი მომავალში იცხოვრებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

როდესაც მისი კაპრიზული ქცევის გამო, მას არ უხსნიან, რატომ არ არის მისი ქცევა სასურველი.  ასეთ დროს ბავშვს უყალიბდება საკუთარ თავზე აზრი, რომ მისი საქციელი მაინც მართებულია და  გააგრძელებს ცუდად მოქცევას, რადგან ამით ყოველთვის მიიღებს სასურველს და არ აინტერესებს რას იფიქრებენ სხვები.

როდესაც მშობლები მუდმივად ცდილობენ შვილის მაგივრად გააკეთონ ყველა საქმე, ცდილობენ არ დატვირთონ ფიზიკურად, ხელს უშლიან დამოუკიდებლობის გამოვლენის ნებისმიერ მცდელობას, ამით უყალიბდება უინიციატივობა და უარყოფითი დამოკიდებულება შრომის მიმართ. არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა.

როდესაც ნებისმიერი სახის საოჯახო საქმეში მონაწილეობისთვის ან თუნდაც დავალების შესასრულებლად მშობლები სთავაზობენ რაიმეს, იქნება ეს შოკოლადი თუ ფული, ამით გაუცნობიერებლად აქვეითებს მასში ენთუზიაზმსა და მოტივაციას, მიაღწიოს რაიმეს საკუთარი ძალისხმევით.

ზრდასრულ ასაკში ეგოიზმი ხელს უშლის ადამიანებს პარტნიორულ თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობებს. უმთავრესია ბავშვებს ვასწავლოთ სხვების პატივისცემა, სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინება, მოსმენა და დახმარება. მშობელმა უნდა დაიწყოს საკუთარი თავის აღზრდით, ერთგვარი თვითანალიზი ჩაატაროს, დაუკვირდეს საკუთარ ქცევებსა და მოტივებს, ბავშვი სწავლობს მოდელირებით და ამიტომ მშობელი უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევა საკუთარ თავს და სხვებს.

ბავშვს უნდა ესაუბროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების დახმარება, მან უნდა ისწავლოს სხვისი სურვილების გაგება და განუვითარდეს ემპათიის უნარი. ხელი შეუწყეთ ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებას ბავშვებში, როგორიცაა პატიოსნება, სამართლიანობა, მოთმინება. ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოთ ნებისმიერი ფორმის აგრესიის გამოვლინება და უნდა გქონდეთ რეაგირება აგრესიაზე. თუ ბავშვის გარემოცავში იმყოფება „ეგოისტი“, საკუთარ თავში შეყვარებული ადამიანი, უნდა აუხსნათ, რომ ასეთი ქცევა არის მიუღებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები