ცივ სეზონზე ვირუსთა გარკვეული ჯგუფი განსაკუთრებით აქტიურდება. ამასთან ერთად, ზამთარში გაცილებით მეტი დროის გატარება გვიწევს დახურულ სივრცეებში, რაც ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ავადობის სიხშირე განსაკუთრებით დიდია ბავშვებში, რადგან მათ მეტად უჭირთ ჰიგიენური ნორმებისა თუ სხვა პრევენციული ღონისძიებების დაცვა.
რა ვირუსებია ცივ სეზონზე ბავშვებში ყველაზე გავრცელებული, როგორ უნდა ვუმკურნალოთ მათგან გამოწვეულ დაავადებებს და როგორია მათი პრევენციის გზები? – ამ კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის პედიატრ თეა აბჟანდაძეს მივმართეთ.
რა ვირუსებით ინფიცირდებიან ბავშვები ყველაზე ხშირად ზამთარში?
ზამთარში ბავშვებში განსაკუთრებულად მატულობს რესპირატორული დაავადებები სიხშირე. შემთხვევების დაახლოებით ერთი მესამედი რინოვირუსებზე მოდის, დანარჩენი წილი კი სხვა ვირუსულ მოდის. რინოვირუსი ძირითადად ზედა სასუნთქ გზებს აინფიცირებს. დაავადება გამოიხატება ცემინებით, რინორეით და ყელის ტკივილით. ზოგს შემთხვევაში, თან ახლავს დაბალი ტემპერატურაც.
უფრო მწვავე სიმპტომატიკა ახასიათებს გრიპის ვირუსს.
მისი კლინიკური ნიშნები მოიცავს მაღალ სიცხეს, თავის, ყელისა და კუნთების ტკივილს, ცხვირის გაჭედვას, ცხვირიდან გამონადენს, ცემინებას. ზოგ შემთხვევებში მას თან ახლავს დიარეა და მუცლის ტკივილი. გართულების შემთხვევაში, გრიპი შეიძლება გადაიზარდოს პნევმონიაში ან ყურის ანთებაშიც.
ცალკე უნდა გამოვყოთ რესპირატორულ-სინციტიური ვირუსებიც, რომლებიც ძირითადად ქვედა სასუნთქ გზებს აზიანებენ და ვითარდება – ბრონქიოლიტი ანუ წვრილი ბრონქების ანთება.
ბრონქიოლიტი ხასიათდება სუნთქვის გახშირებით, გაძნელებით , ცხვირიდან ჭარბი გამონადენით, მადის დაქვეითებით. ამ ვირუსის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ზოგ შემთხვევაში საჭიროა კლინიკაში მკურნალობა.
შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ასევე ვხვდებით სხვადასხვა ტიპის კორონავირუსებს, რომლებიც, ასევე, რესპირატორული ჩივილებით ვლინდება და მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.
ცალკე უნდა გამოვყოთ ახალი კორონავირუსული ინფექცია, რომელიც კვლავ ცირკულირებს, კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარეობა როგორც სხვა რესპირატორული ინფექციები, თუმცა ბავშვებში ხშირად ახასიათებს ასევე დიარეა და მუცლის ტკივილი.
ნაწლავთა ვირუსული ინფექციები კვლავ აქტუალური რჩება ზამთრის პერიოდშიც, განსაკუთრებით აქტიურდებიან როტა და ასტრო ვირუსები, მათ ახასიათებთ დიარეა მუცლის ტკივილი, მაღალი ცხელება.
როგორია ვირუსული ინფექციების მკურნალობა? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი სახლის პირობებში?
ვირუსული ინფექციების უმრავლესობა არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას, ძირითადად პაციენტს ენიშნება სიმპტომური საშუალებები, ჩივილების შემსუბუქების და დისკომფორტის მოხსნის მიზნით. მაგალითად: მაღალი ცხელების დროს-სიცხის დამწევი , ცხვირით სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში – დეკონგენსატები და ა.შ. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია მოსვენებითი რეჟიმი, ჯანსაღი საკვები და სითხის მიღება.
როგორც წესი, ვირუსული ინფექციები ერთი კვირა გრძელდება. სასურველია, ამ დროის განმავლობაში ბავშვი დარჩეს სახლში რათა არ მოხდეს სხვა ბავშვების დაინფიცირება.
როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს?
ჩივილების გახანგრძლივების და გამწვავების შემთხვევაში,ასევე თუ ბინაზე ვერ ხერხდება სიმპტომების მართვა. ერთ წლამდე ასაკი ბავშვების შემთხვევაში კი, სასურველია, მშობელმა ექიმს სიმპტომების დაწყებისთანავე მიმართოს და სპეციალისტის დანიშნულებას მიჰყვეს.
როდის არის მიზანშეწონილი ანტიბიოტიკების გამოყენება?
ვირუსული ინფექციები არ საჭიროებენ ანტიბიოტიკოთერაპიას, ინიშნება მხოლოდ მეორადი ბაქტერიული ინფექციებით გართულების შემთხვევაში.ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება დაუშვებელია, დანიშვნის აუცილებლობას წყვეტს მხოლოდ ექიმი.
როგორია ვირუსული ინფექციების გავრცელების პრევენცია?
რესპირატორული ვირუსული ინფექციები ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, დაბინძურებული მყარი ზედაპირებიდან. ვირუსების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა, რაც ბავშვებს, ცხადია, უჭირთ. ამიტომ, სასურველია, მშობელმა ან მომვლელმა ხშირად დაბანოს ხელი ბავშვს, გაურეცხოს სათამაშოები, გაწმინდოს მყარი ზედაპირები, რომლებთანაც ხშირი შეხება აქვს და ა.შ. ასევე, კარგი იქნება, თუ ბავშვებს ელემენტარული ჩვევების გამომუშავებაში დავეხმარებით, როგორიცაა ხველების ან ცემინების დროს ხელის ან იდაყვის აფარება. ძალიან მნიშვნელოვანია გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დროული მიღება, რათა ბავშვები დავიცვათ როგორც დაინფიცირებისგან, ისე გართულებებისგან.
(R)