ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაზე „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული პოსტით ბავშვის კოდექსზე საუბრობს, რომელიც ძალაში 1 სექტემბერს შედის.
გთავაზობთ მის მიერ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გასაჯაროებულ ინფორმაციას:
„კოდექსის მიხედვით, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტს ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საკითხს და არა სოციალური მუშაკი, როგორც ეს დღეს მოქმედი კანონითაა განსაზღვრული.
კოდექსის მიხედვით, აკრძალულია ბავშვის განცალკევება ოჯახიდან მხოლოდ სიღარიბის გამო. ღარიბი და ბედნიერი ოჯახი ბევრი მინახავს.
კოდექსის მიდგომა და მთავარი ღერძია ოჯახების გაძლიერება. მაგალითად, თუ მცირეწლოვანი ბავშვი არის მუდმივად მოუვლელი, დღეების მანძილზე უყურადღებოდ მარტო მიტოვებული და არის საფრთხეში რომ რამე შეიძლება დაემართოს ნებისმიერ დროს, მისი აკადემიური მოსწრება არის ძალიან დაბალი, მშობლები არიან ნარკოტიკებზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები, კოდექსის მიხედვით, ერთვება სახელმწიფოს მულტიდისციპლინური ჯგუფი. ამ ჯგუფის ფუნქცია არის გააძლიეროს ოჯახი. ამ ჯგუფმა შესაძლებელია შესთავაზოს მშობლებს დასაქმების ან პროფესიული გადამზადების შესაძლებლობა, გარკვეული ფულადი დახმარება ფეხზე დადგომამდე, მისი როგორც მშობლის მოვალეობის გაცნობიერებაში დახმარება, რომ ბავშვს ზრუნვა სჭირდება და არ შეიძლება მცირეწლოვანი ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება, ფსიქოლოგიური დახმარება, ნარკოტიკებისა და აზარტული თამაშების რეაბილიტაციის პროგრამებში მშობლების ჩართვა, ბავშვის ჩართვა სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო თუ სპორტულ წრეებში და ა.შ.
ვფიქრობ, სამინისტრო გააკეთებს კომენტარს ბოლო რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევაზე. ხარვეზის გამოკვეთის შემთხვევაში, სახელმწიფოს სათანადო რეაგირება აუცილებლად ექნება.
სამწუხაროა, რომ ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ფულს უხდიან ტალახის სროლაში, ცდილობს საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანას. წინასაარჩევნო პერიოდია და კარგად გვესმის რაც ხდება. დაინტერესებულ და ობიექტურ პირებს ვურჩევ კოდექსი წაიკითხონ და თავად დარწმუნდნენ, ვინ ავრცელებს მიზანმიმართულად არასწორ ინფორმაციას“, – აცხადებს კილაძე.