LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ბესო კალანდაძე გამეცნო…მომღერალი რომ გავხდი, ბესოს ბრალია” – დავით კალანდაძე

70
ბესო-კალანდაძე

12 მაისს რადიო “არ დაიდარდოს” და თაკო მელიქიშვილის გადაცემას “რადიო დუეტი” ბესო და დავით კალანდაძეები სტუმრობდნენ, რომლებმაც თავიანთ მუსიკალურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მსმენელს სიმღერა “ტირიფები” წარუდგინეს.

როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

დავით კალანდაძე: ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ბესო კალანდაძე გამეცნო, რადგან ყველა იმას მეკითხებოდა ნათესავები ხართ თუ არაო. მომღერალი რომ გავხდი, ბესოს ბრალია. ვოცნებობდი, რომ მეც ასეთი პოპულარული, ასეთი ხმის პატრონი ვყოფილიყავი, ბესომ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გავიცანით და ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, შევთავაზო თუ არა დუეტი-მეთქი, მერიდებოდა. შევთავაზე დუეტი და ბესომ უარი არ მითხრა, ეს ჩემთვის უბედნიერესი მომენტი იყო.

როგორ გადაწყდა, რომ სიმღერა “ტირიფები” ჩაგეწერათ?

ბესო კალანდაძე: ძალიან მარტივად, დათომ შემომთავაზა და დავთანხმდი. ცხადია, ავტორს, ზურაბ მანაგაძესაც შევუთანხმეთ.

დავით კალანდაძე: ჩვენი საერთო იდეაა, გვინდოდა, რომ ეს სიმღერა გაგვეცოცხლებინა.

ბესო კალანდაძე: ეს სიმღერა არ არის ხმებში სამღერი, ამიტომ ძალიან ფაქიზი მოპყრობა სჭირდებოდა, რომ გადამეტებული არ ყოფილიყო. მსმენელმა უნდა განსაზღვროს, რამდენად კარგად გამოგვივიდა.

კლიპის გადაღებას ხომ არ გეგმავთ?

დავით კალანდაძე: უკვე გადავიღეთ კლიპი, მე ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. მგონი, ძალიან ლამაზი გამოდის, ძალიან მალე მზად იქნება და მალე მის პრემიერასაც გავაკეთებთ.

ბატონო ბესო, სხვა ახალ სიმღერებზე თუ მუშაობთ?

ბესო კალანდაძე: სამწუხაროდ, ამ კუთხით ძალიან შეზღუდული ვარ, არ ვაქტიურობ. ცოტა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მიწყობდა ხელს, ნელ-ნელა ვდგები ფორმაში. კორონა ვირუსმა ყველა დააზიანა და მათ შორის, მეც, გარკვეული გართულებები მქონდა.

როგორ შეაფასებდით დღევანდელ შოუბიზნესს?

ბესო კალანდაძე: შოუბიზნესი საქართველოში არ არსებობს, ეს სასაცილო სიტყვაა. შოუბიზნესი ნიშნავს იმას, როცა მაყურებელი ყიდულობს ბილეთს და კონცერტზე მიდის. დღესდღეობით მე ასეთი რამ არ მეგულება. თუ ვიღაც არ გაასაღებს, არ დაეხმარება, ფულს არ ჩაურიცხავს ვიღაცას, პრაქტიკულად შეუძლებელია სერიოზული კონცერტის ჩატარება. ეს იმიტომ არა, რომ არტისტი სუსტია, შეიძლება, ბევრს ჰქონდეს კონცერტზე მისვლის სურვილი, მაგრამ ადამიანებს ბილეთის შეძენის საშუალება არ აქვთ. რაიონში 5 ლარიც კი არ აქვთ ხოლმე, რომ გადაიხადონ. დიდ ქალაქებში კიდევ ასეა თუ ისეა შესაძლებელია.

ამ ყველაფერთან ხომ არ არის დაკავშირებული ისიც, რომ ახალი, ღირებული სიმღერები ნაკლებად იქმნება?

ბესო კალანდაძე: რა თქმა უნდა, დროსთან, ფინანსებთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული ყველაფერი. როცა ახალგაზრდა ხარ, საშუალება, ფინანსები და ენთუზიაზმი გაქვს, კი ბატონო, გასაგებია, მეც გავლილი მაქვს ეს პერიოდი, მაგრამ ჩემს ასაკში და მაშინ, როცა ოჯახი გიდგას უკან, გაუმართლებელი ხარჯებია. იმის ნაცვლად რომ შვილებს დაახარჯოს ადამიანმა თანხა, რატომ დახარჯავს ისეთ რამეში, საიდანაც ვერ ამოიღებს.

დავით კალანდაძე: ბევრს ამდენი კონცერტების ცოცხლად შესრულებაც არ შეუძლია. ბესომ გაგვაგიჟა, ახალგაზრდები მივედით სტუდიაში, ვწერთ, ყველა ვასწორებთ ჩვენს ხმას და ბესომ ერთხელ იმღერა, არაფერი გადაგვიკეთებია. რასაც მოუსმენთ, ჩათვალეთ, რომ ცოცხალი შესრულებაა, ბესოს ხმისთვის ხელი არ გვიხლია.

ბესო კალანდაძე: ახალგაზრდების ბრალი არ არის, რომ დღეს ყველას არ შეუძლია მთლიანი კონცერტის ჩატარება და ამხელა დატვირთვის გაძლება. სხვათა შორის, ახლა ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, ჩემს დროს არც მახსოვს ამდენი, მაგრამ მათ მარტო სტუდიაში უწევთ სიარული, ჩემს დროს კი ცოცხალი კონცერტები იყო. ზოგჯერ დღეში 4 კონცერტი გვქონდა.

 

ბესო კალანდაძე & დავით კალანდაძე – ტირიფები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები