„აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, პუტინს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდება“, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა „არც ისე შორეულ მომავალში“ გაიმართება. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
„ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს ომი, ეს ომი კატასტროფაა”, – განაცხადა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინს სურს მშვიდობა და ომის დასრულება.
დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტიც:
„პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები, შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს ვხაზავთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ხანგრძლივი, სანდო მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„შინაარსიანი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. დიდხანს ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე მშვიდობის მისაღწევად, განვიხილეთ გუნდების დონეზე ერთად მუშაობის ჩვენი მზაობა, უკრაინის ტექნოლოგიური შესაძლებლობები – მათ შორის დრონები და სხვა მოწინავე ინდუსტრიები. მადლობელი ვარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისი ინტერესისთვის იმაში, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად.
ასევე ვისაუბრეთ სკოტ ბესენტთან [აშშ-ის სახაზინო მდივანი] ჩემს დისკუსიაზე და უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რესურსების პარტნიორობაზე ახალი დოკუმენტის მომზადებაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები.
უკრაინაზე მეტად არავის სურს მშვიდობა. შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს ვხაზავთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ხანგრძლივი, სანდო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მოდით გავაკეთოთ ეს.
შევთანხმდით შემდგომი კონტაქტების შენარჩუნებაზე და მომავალი შეხვედრების დაგეგმვაზე”, – წერს ზელენსკი.