ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” მსახიობი, რეჟისორი ლაშა კანკავა და მეგობრები: თაკო სურმავა, გიორგი გილიგაშვილი, ნინო ქანთარია და ირაკლი ახალაია სტუმრობდნენ საინტერესო ფილმის ,,მეგრული დეიოფები” დეტალებზე სასაუბროდ. ეთერის მსვლელობისას გილიგამ შეგვისრულა მეგრული სიმღერა.
ჩვენ ვართ პარტნიორები ფილმისა ,,მეგრული დეიოფები” საოცარი სცენარით, მოგვიყევი როგორ მიმდინარეობს გადაღებები?
ლაშა კანკავა:
მივესალმები რადიო ”არ დაიდარდოს” მსმენელს და ინტერნეტ მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ამ შემთხვევაში ეს ჩემი პირველი საპროდუსერო ნამუშევარი იქნება. რომანტიული კომედიის ჟანრის მხატვრული ფილმი მოგვითხრობს სამეგრელოს ისტორიაზე, სამზარეულოზე, კულტურასა და ტრადიციებზე. ასევე კუთხურ, ჯანსაღ იუმორზე, ემიგრაციასა და სოფლის მეურნეობაზე. დაახლოებით წელიწადი და ორი თვე იწერებოდა სცენარი. შემდეგ უკვე ასისტენტთან, თამართან ერთად დავიწყეთ მუშაობა, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერების დახმარებით. ეს ფილმი იქნება ერთგვარი პრომოუშენი ჩვენი ქვეყნისა, როგორც ისტორიული თვალსაზრისით ასევე ტურისტული კუთხით. კინო ძალიან კარგად მუშაობს ტურიზმის განვითარებაზე. ბედნიერი, სანახაობრივი ფილმი დაახლოებით ორი საათის ქრონომეტრაჟიანი იქნება. თბილად გაგახსენებთ ყველა დეტალსა და ისტორიას. გადაღებები მიმდინარეობს სამეგრელოს რვავე რაიონში, ბათუმსა და თბილისში. ულამაზესი ლოკაციები გვაქვს არჩეული.
თაკო სურმავა:
მე და ლაშა მარტვილიდან ვართ წარმოშობით, თუმცა სამეგრელო კარგად არ გვცოდნია. იმდენი ახალი ადგილი აღმოვაჩინეთ.
როგორ მოიძიეთ ლოკაციები, ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარებით?
თაკო სურმავა:
ამ ფილმით ვცხოვრობთ წელიწად ნახევარია. ყველა ლოკაცია ჩვენი ნანახია, ფორსმაჟორულ სიტუაციებში. სულ ვცდილობთ თუნდაც ერთი, ორი დღით ჩავიდეთ და წინასწარ მოვამზადოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება. რა თქმა უნდა ადგილობრივებიც გვეხმარებიან.
ლაშა კანკავა:
ძალიან კარგ ადგილზე გვინდოდა გაგვეკეთებინა ქორწილის სცენა, თავისი მეგრული ტრადიციებით. მინდოდა ასევე ისტორიული დანიშნულებაც ჰქონოდა. გვირჩიეს ულამაზესი ადგილი ზუგდიდის რაიონში, სოფელ ჯიხაშკარში ”ჭაქვინჯის ციხე”. დილით ჩავედით ვნახეთ, იმ დღესვე გადავიღეთ და წამოვედით. თაკო მესამე კურსზე გადავიდა, ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობს. ვუთხარი, რომ მისნაირი ასისტენტი მჭირდებოდა, თანაც აუცილებლად მეგრელი. პროფესიული მიდგომის გარდა მას ჰქონდა პატრიოტიზმიც. ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება ასეთ პროექს. ვეხმარებით ერთმანეთს, ვცდილობ სწავლაში ხელი არ შეუშალოს ამ თემამ.
სტუმრები შემოგვიერთდნენ სტუდიაში , მუსიკოსი ირაკლი ახალაია , მსახიობი გიორგი გილიგაშვილი და ნინო ქანთარია, მოგვიყევი მათ როლებზე..
ლაშა კანკავა:
საინტერესო მიქსია, არაჩვეულებრივი ადამიანებით. ირაკლი ახალაია შესანიშნავი მუსიკოსია, ბენდის ”ჭყონდიდის” ხელმძღვანელი. ფილმში გვაქვს მუსიკოსების სცენა, სადაც ის აქაც ბენდის ხელმძღვანელი იქნება, შეასრულებს თავის სიმღერებსაც. გიორგი გილიგაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო როლით წარსდგება. 6 თვე ვფიქრობდი რომელ როლში იქნებოდა. ნინო კი საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ გოგოსა და წარმოშობით სოხუმელ, სამეგროლოში მცხოვრებ ფერმერის სიყვარულის ისტორიასთან ასოცირდება. ძალიან დიდხანს ვეძებდი ამ როლზე გოგოს, რომელიც აუცილებლად ემიგრანტი იქნებოდა. შემთხვევით სოციალურ ქსელში ვნახეთ კლიპი, სადაც ნინო იღებდა მონაწილეობას. ძალიან მომეწონა და დავუკავშირდით. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერების საშუალებით ჩამოვიყვანეთ და გავდივართ რეპეტიციებს. წინასწარ ყველა დეტალს არ მოგიყვებით.
ნინო ქანთარია:
საქართველო სიყვარულია, კულტურაა და ურთიერთობები. ხშირად ჩამოვდიოდი ოჯახთან ერთად ჩემს სამშობლოში. ყველა ჩემი მეგობარი, ვინც იგებდა, რომ საქართველოში მივდოდი ემოციებით ხვდებოდნენ ჩემს წასვლას. ძალიან მოსწონთ და უყვართ ჩვენი ქვეყანა.
ამდენი მეგრელი და ერთი გილიგა, როგორ მოხდა შენი მათ გვერდში ყონფა?
გიორგი გილიგაშვილი:
სინდისს ვფიცავ მეც გაკვირვებული ვარ. ძმობა ვიცი, თუმცა მეგრელების ძმობა კიდევ სხვა საფეხური, სხვა ფენომენია. ჩემს ლაშას მადლობა, მათთან მუშაობა დიდი პატივია ჩემთვის. მათ შორის მინდა მშვენიერი ნინო და მისი წინაპარი ბატონი მელიტონ ქანთარია გამოვარჩიო. ჩემი წინაპრები მედროშეები იყვნენ და დროშას, რაც ეხება სინდისს ეხება ქვეყნისას და ქვეყნის სინდისს რაც ეხება ის გილიგასაც ეხება. ვფიცავარ მეგრელები ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემმა ლაშამ გადაწყვიტა სამეგრელოზე ფილმის გადაღება ვერ შევკადრე, რომ რაიმე როლი მოეცა. 6 თვის შემდეგ მოვიდა და მითხრა ამდენი ხანი ვფიქრობდი შენს როლზე, შენ გაქვს სამი კი და გადასული ხარ მეგრელების როლზეო. ეს როლი ჩემი სულის ნაწილია და მეც ბოლომდე ვითავისებ.
ლაშა კანკავა:
ზღვა სამუშაო გავწიეთ ამ ფილმისთვის, რომ არა კეთილი, გულიანი პატრიოტი ადამიანები ვერ გადავიღებდით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არქიმანდრიტ სერაფიმე ჭედიას, ქალბატონ თიკო სვანიძეს, ბატონ სილვესტერ კანკავას, გიორგი გაგუას, ილია ქუტიძეს, ლევან მებონიას, სერგო ჭანტურიას, ზურა ხონელიძეს, ხვიჩა მაქაცარიას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურად გვიდგანან გვერდში და მხარს გვიჭერენ. ასევე დიდი მადლობა თამარ ნადირაძეს, თამუნა ბერიშვილს და ემიგრანტებს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ლაშა კანკავა, გიორგი გილიგაშვილი, ნინო ქანთარია, ირაკლი ახალაია.
გიორგი გილიგაშვილი & ირაკლი ახალაია – ჩქიმი ცირა მახარია. Live
გიორგი გილიგაშვილი & ირაკლი ახალაია – მეგრული სიმღერა. Live
ფოტოები