26 ივნისს ნოდიკო ტატიშვილი მორიგი პრემიერით ესტუმრა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და საკუთარი ნამუშევარი „სიყვარულის გემი“, ოთხივე რადიოში ერთდროულად წარმოადგინა.
ნოდიკო ტატიშვილი:
ბედნიერი ვარ, რომ ახალი სიმღერა ჩავწერე და ულამაზესი კლიპი გადავიღე. იმედი მაქვს, პრემიერა წარმატებული იქნება და მსმენელი ახალ კომპოზიციასაც ისევე შეიყვარებს, როგორც ძველ ნამუშევრებს. „სიყვარულის გემის“ მუსიკა და ტექსტი ჩემს უსაყვარლეს მეგობარს, არაჩვეულებრივ მუსიკოსს დათო ევგენიძეს ეკუთვნის. სხვათა შორის, დათოს ერთი უნიკალური თვისება აქვთ, თუ მასთან მისულ სტუმართან ურთიერთობა მოსწონს, აუცილებლად როიალთან ჯდება და საკუთარი კომპოზიციების დაკვრას იწყებს. სწორედ ასე შეირჩა „სიყვარულის გემიც“, რომელიც სინამდვილეში დიდი ხნის წინ დაიწერა ინგლისურ ენაზე, ჩვენ კი, მხოლოდ ტექსტი შევცვალეთ. დათომ ერთ ღამეში გადააკეთა სიმღერა და დილას გამომიგზავნა, მე კი, სწრაფად ჩავწერე „ბრავო-რეკოდში“ ცოცხალ ბენდთან ერთად და ნესტან სინჯიკაშვილს გავუგზავნე, რომელიც თითქმის ყველა ჩემი კლიპის ავტორია. მე და ნესტანი დიდი ხნის მეგობრები ვართ, ერთნაირი გემოვნება და შეხედულებები გვაქვს, ამიტომ ყოველთვის სწრაფად ვპოულობთ საერთო ენას.
სიმღერა ცისფერთვალება გოგონას ეძღვნება, ჩვენ კი, კლიპში აუცილებლად ჟღალთმიანი ცისფერთვალება გოგონას გადაღება გვინდოდა, ამიტომ ძალიან დიდხანს ვეძებეთ და საბოლოოდ როგორც იქნა ულამაზესი მოდელი ელენე ეპიტაშვილი ვიპოვეთ. ვფიქრობ, საინტერესო და სახალისო ვიდეო გამოვიდა, უამრავი ადამიანი დამეხმარა მის გაკეთებაში და ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.