ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაწყებას ბელგიის პრემიერ-მინისტრი ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროკავშირის კარის დახურვა უკრაინისთვის შეცდომა იქნებოდა.
ამასთან ალექსანდრ დე კრუ აცხადებს, რომ უკრაინამ პატივი უნდა სცეს ყველა აუცილებელ პროცედურულ ნაბიჯს, სანამ ევროკავშირის წევრი გახდება.
“ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოითხოვს ბევრ რეფორმას და ლოგიკურია, რომ ეს ეტაპობრივად უნდა წარიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება ქვეყნები, რომლებიც გახდებიან ევროკავშირის წევრები, ამისთვის მზადების გარეშე.
მაგრამ, მეორე მხრივ, დიდი შეცდომა იქნება კარის დახურვა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც უკრაინაა, რომლებიც თავს საფრთხეში გრძნობენ. ჩვენ მუდმივად უნდა გავაგრძელოთ მათთან მუშაობა.
ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ ისინი სამიტებზე ისე, რომ მათ არ ჰქონდეთ გადაწყვეტილების უფლება. კომისია ამ მხრივ კრეატიულად მუშაობს. მაგრამ იმისთვის, რომ წევრი გახდე, თქვენ პატივი უნდა სცეთ პროცესს”, – აღნიშნა ბელგიის პრემიერმა ვერსალში ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, დღეს ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციაზე თქვეს “დიახ” და მისი თქმით, პროცესი დაიწყო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: