კომპანია Bentley-მ უნიკალური Batur წარადგინა. ექსკლუზიური მოდელი დაგეგმილი 16 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. მწარმოებლის განცხადებით, ეს ავტომობილი აქამდე გამოშვებულთა შორის ყველაზე ინდივიდუალურად შექმნილი Batur-ია . განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ Bentley-ის ისტორიაში პირველად, სალონის დიზაინში გამოყენებულია 3D პრინტერზე დაბეჭდილი პლატინის დეტალები.
ძვირფასი ლითონისგან დამზადებულია საჭეზე განთავსებული ნულოვანი მაჩვენებელი და კლიმატკონტროლის სისტემის ზოგიერთი ელემენტი. ინტერიერში ფართოდ არის გამოყენებული სპეციალურად დამუშავებული ალუმინიც, რომელმაც ჩაანაცვლა ხის დეკორი იმ ადგილებში, სადაც ტრადიციულად ხე გამოიყენებოდა. წინა პანელზე არსებული საფირმო ციფერბლატები შეღებილია ღია ლურჯ ტონში, რომელიც ასევე მეორდება სავარძლების ნაკერებში – ამით სალონის ფერთა გამა ნაწილობრივ ეხმიანება ძარის დიზაინს.

როდსტერი შეღებილია მფლობელის მიერ შერჩეულ სამ განსხვავებულ ფერში, რაც Batur-ისთვის პირველად გამოიყენება. ლურჯის სხვადასხვა ტონები ერთმანეთისგან გამოყოფილია 6 მილიმეტრიანი ვერცხლისფერი ზოლით. კიდევ ერთი ინოვაციაა სპეციალურად შექმნილი ღია ლურჯი ფერის ნაჭრის სახურავი. გარდა ამისა, კლიენტისთვის შემუშავდა უნიკალური ვიზუალური ეფექტი – კარების გაღებისას ასფალტზე პროექციით ჩნდება მფლობელის ავტოგრაფი, რომელიც იქმნება 415 800 მიკროსკოპული სარკის დახმარებით.

Bentley-მ ძვირფასი ლითონების 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 2022 წელს განაცხადა. ხოლო 2025 წლის გაზაფხულზე წარმოდგენილ Batur-ის კუპეზე ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ინტერიერის დეტალების დასამზადებლად 210 გრამი 18 კარატიანი ვარდისფერი ოქრო დაიხარჯა.