მსოფლიო ბირჟებზე ფასების მატება, მომენტალურად აისახა ქართულ კომპანიებზე.
სოკარმა დღეს ყველა ტიპის საწვავზე ფასი 5 თეთრით დააკორექტირა.
რეგულარის ფასი სოკარში 1.74 ლარი გახდა; დიზელი (50ppm და მეტი)1.67; პრემიუმი 1.94 ლარი; ევრო დიზელი 1.85; სუპერი 2.09; ევრო რეგულარი კი 1.79 ლარი.
ქსელში ჯერ–ჯერობით არ შეცვლილა ბუნებრივი აირის ფასი, მისი შეძენა 1.18 თეთრადაა შესაძლებელი.
გუშინ, კიდევ 5 თეთრით გაძვირდა საწვავი Gulf-ში. G Force პრემიუმის ფასი დღევანდელი მონაცემებით 1,94 ლარია. G force ევრო რეგულარი 1,79-იდან 1, 84 ლარამდე გაძვირდა, ”ევრო რეგულარი” 1,69-დან 1,74-მდე, რაც შეეხება ევრო დიზელის საწვავის ღირებულებას, 1,85-დან 1,90 ლარამდე გაიზარდა.
ჯერ–ჯერობით ფასები არ შეცვლილა „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, თუმცა როგორც „ფორტუნასთან“ ლუკოილის გენერალური დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში ფასების ზრდა გარდაუვალია.
„კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით, თუმცა, უახლოეს მომავალში ფასების გაზრდა აუცილებლად მოგვიწევს, ამას რა თქმა უნდა, მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდა და ლარის კურსი განაპირობებს“, – განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.
მისივე თქმით, რა მოხდება მომავალში, ამასთან დაკავშირებით საუბარი რთულია, რადგან ნავთობის იმპორტიორი ქვეყნები, მსოფლიო ბაზარზე არიან მიბმულები და ფასებიც ამის შესაბამისად წესდება.
„ოპეკის გადაწყვეტილებებზე კომენტარების კეთება არასერიოზულად მიმაჩნია. ჩვენ მსოფლიო ბაზარზე მიბმული ქვეყანა ვართ და რა მიმართულებითაც შეიცვლება ფასები ბაზარზე იმის მიხედვით შევცვლით ჩვენც. გაიზრდება – გავზრდით, შემცირდება – გავაიაფებთ“, – განაცხადა მიშველაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.
რაც შეეხება “ვისოლს”, როგორც “ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, მათთან ფასები 4 დეკემბერს 4–დან 5 თეთრამდე გაიზარდა. ეკო სუპერის შეძენა ქსელში 2.09 თეთრად შეგიძლიათ, ეკო პრემიუმის 1.94 თეთრად; ეკო რეგულარი 1,84 თეტრი ღირს, ევრო დიზელი 1,78; ევრო რეგულარი 1,74; დიზელი 1.70 ხოლო გაზი 1.20 თეთრად შეგიძლიათ შეიძინოთ.
“სამწუხაროდ ფასების ზრდა გარდაუვალი აღმოჩნდა და პროდუქტის ღირებულება 4–5 თეთრით დაკორექტირდა”, – განუცხადა “ფორტუნას” ვისოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
საწვავის ფასის მატება მსოფლიო ბირჟებზე არსებულმა სიტუაციამ განაპირობა. ბოლო კვირაა, რაც ნავთობის ფასი მსოფლიოში მნიშვნელოვნად იზრდება.
2016 წლის 5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 55,05 (+ 0,59) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 51,98 (+ 0,30) დოლარი/ბარელზე.