„დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ფურცელი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბასილაიამ აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება და ამ ფორმით წარმოდგენა ეს არის ქართული ისტორიის სირცხვილი.
„ამ სირცხვილის გაგრძელებაა ის, რომ მას დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა. ამ საკითხის სამართლებრივი ასპექტი მეათეხარისხოვანია, რადგან ხელისუფლების ამოცანაა სააკაშვილის იზოლაცია.
რაც შეეხება ამ მეათეხარისხოვან საკითხს, დღეს კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია, რომ ქართული მართლმსაჯულება უარს ამბობს მართლმსაჯულების განხორციელებაზე თუკი საკითხზე წინასწარ არ არის მწვანე ანთებული ბრეგაძის მხრიდან.
მიხეილ სააკაშვილი დღეს აქ მოიყვანეს იმიტომ, რომ ხელისუფლებაზე იყო ძალიან დიდი საერთაშორისო წნეხი, თორემ ეს სასამართლო თითს თითზე არ დაადებდა და შეფასებასაც არ გააკეთებდა. სატელეფონო ზარებზეც არ აქვთ მითითება და ამბობენ, რომ ჩვენ ამ საკითხს ვერ განვიხილავთ. აბა, ვინ უნდა განიხილოს? როცა ადამიანს სრულიად უკანონოდ ჩამოერთვა ეს უფლება, სასამართლო დუმს და ჩვენს საჩივარს არც კი იხილავს“, – განაცხადა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი თავადაც ესწრებოდა.