მომღერალი ბექა ბროლაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს სიახლეების შესახებ პირად ცხოვრებაში. ასევე ხაზს უსვამს იმას, რა გაჭირვებაც გამოიარა ცხოვრებაში, ახლა კი – საკუთარი ბიზნესიც აქვს, კარგ კომპანიაში მუშაობს და ასევე ახალი ბინა შეიძინა, სადაც დედ-მამასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

ბექა ბროლაძე:
ისედაც ემოციური ვარ და შეყვარებული – კიდევ უფრო მეტად. დილით რომ იღვიძებ და ყველაფერს ხალისით აკეთებ, ტელეფონს ხშირად უყურებ, რომ მის შეტყობინებას ელოდები, გამოხედვაც სხვანაირი ხდება. კარგად ვარ, ეს სიტყვა ძალიან მიყვარს. როცა კარგად ვგრძნობ თავს, ესე იგი, ბალანსია ჩემს ცხოვრებაში.

– ვინ არის, ხომ არ ვიცნობთ?
– არა, მუსიკალურ სფეროში არ მოღვაწეობს, არც უყვარს აფიშირება და მოდი, იდუმალ პერსონად დავტოვოთ (იცინის). მგონი, არც არის საჭირო ყველაფრის თქმა, საერთოდ, ადამიანებს ბევრი არაკეთილისმსურველები გვყავს. ჩემზე ისედაც განსაკუთრებული აქცენტია ხოლმე. თურმე, მილიონერი ვყოფილვარ.
– ამაზე მართლა ბევრი საუბრობს, საკუთარი იახტა და თვითმფრინავი ჰყავსო.
– კი, პირადი ჯეტი იყიდაო (იცინის). სინამდვილეში არც იახტა მყავს და არც თვითმფრინავი, უბრალოდ, კარგად ვცხოვრობ, კარგი სამეგობრო მყავს, კარგ კომპანიაში ვმუშაობ და ჩემი შრომით შესაბამის თანხას გამოვიმუშავებ.

– წლების წინ დალხენილი ცხოვრება არ გქონდა, რაც ჩვენს ქვეყანაში არავის გაუკვირდება. თუმცა, ახლა ყველაფერი შეიცვალა.
– კი, შეიცვალა დიდი შრომის შედეგად. კი, ჩვენს ქვეყანაში მატერიალური პრობლემები არავის უკვირდა. დგება მომენტი, როცა გაჭირვების გამო დენს ჩაგიჭრიან, გაზს ჩაგიჭრიან, რადგან გადასახადებს ვერ იხდი. სამწუხაროდ, ეს ბევრს გამოგვიცდია, მაგრამ მე ამაზე საუბარი არ მერიდება. ისეთი დიდი ტკივილი დატოვა ჩემში იმან, რაც გამოვიარეთ, დღეს ნამდვილად არ მეზარება შრომა უკეთესი მომავლისთვის. როცა ორი ხელი და ფეხი გაქვს, გონება გაქვს, განათლებას იღებ, მინიმუმ, არ უნდა გშიოდეს.
– ახალი სახლი, ალბათ, ეს კიდევ ერთი ახდენილი ოცნებაა?
– წეღან ვახსენე, რომ ძალიან პატარა სახლში ვცხოვრობდით, სასახლეში არც ახლა ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან კარგ უბანში, ძალიან კარგ კომპანიაში კარგი ბინა შევიძინე და დედა და მამაც ჩემთან ერთად გადავიყვანე. ეს ჩემი მორიგი ახდენილი ოცნებაა. ეტყობა, რაც ძალიან გინდა, აუცილებლად აგიხდება, ოღონდ შესაბამისი შრომის ფასად. მე ვარ ადამიანი, ვისაც არასოდეს არავისი შურს. ვფიქრობ, რომ არც ცუდი და არც კარგი არ იკარგება და რადგან სამყაროში მხოლოდ დადებით ენერგიებს ვუშვებ, უკანაც იგივე მიბრუნდება. ამისთვის მადლობელი ვარ სამყაროსი.
