LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა კობახიძე: დავუხშოთ საინფორმაციო ღრუ ყველა იმ ბრიყვს, ვინც კიდევ იტყვის რომ სავალდებულო სამხედრო მომზადება უადგილოა, ქვეყანა მხოლოდ ჯარმა უნდა დაიცვას

680
publika.ge--1-35

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

კობახიძე წერს, რომ პენტაგონი კიევის დაცემას 1-4 დღეში პროგნოზირებდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა, “რადგან პროგნოზმა არ გაითვალისწინა მთავარი – ერის ნება ებრძოლა.”

ამასთან პროფესორი გასცემს რეკომენდაციებსაც და აღნიშნავს, რომ სავალდებულო სამხედრო მომზადება აუცილებელია, თუმცა გაწვევა უნდა იყოს სავალდებულო-ნებაყოფლობითი.

ბექა კობახიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“პენტაგონი პროგნოზირებდა, რომ ქაბული 6-12 თვეში დაეცემოდა, ხოლო კიევი 1-4 დღეში.

ეს ორივე პროგნოზი დამყარებული იყო საკითხის სამხედრო კომპონენტზე: ავღანეთის არმიას ამდენი და ამდენი აღჭურვილობა ჰქონდა გადაცემული, ამდენი და ამდენი წრთვნა ჰქონდა გავლილი, ქაბულამდე მთელი რიგი სტრატეგიული სიღრმეები და რეგიონები იყო ასაღები და ა.შ. მეორე მხრივ, ავღანეთის არმიის მტერი უძლეველი ძალა არ იყო – ესოდენ “ბატონი თალიბანი”.

უკრაინის შემთხვევაში, არ არსებობდა კიევამდე მისასვლელი სტრატეგიული სიღრმე, მის არმიას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე ძალა ებრძოდა, უკრაინელები იყვნენ outnumbered and outgunned.

მოხდა კი ყველაფერი პირიქით, რადგან პროგნოზმა არ გაითვალისწინა მთავარი – ერის ნება ებრძოლა. აი ამ ერთმა ფაქტორმა სულ უკუღმა დააყენა ორივე ქეისის პროგნოზი და ეს ამხელა პენტაგონი სულელის როლში ორჯერ გამოიყვანა.

რა უნდა ვისწავლოთ აქედან?

1. დავუხშოთ საინფორმაციო ღრუ ყველა იმ ბრიყვს, ვინც კიდევ იტყვის რომ სავალდებულო სამხედრო მომზადება უადგილოა, ქვეყანა მხოლოდ ჯარმა უნდა დაიცვას და 21-ე საუკუნეში ყველაფერს წყვეტს ტექნოლოგიები;

2. ყოველწლიურად 28 ათასი მამაკაცი ხდება 18 წლის. ჩვენს ბიუჯეტს არ აქვს საშუალება ამდენი ადამიანის საბრძოლო მომზადების. ამიტომ, 6-9 თვიანი ინტენსიური საბრძოლო მომზადება (BCT, სპეციალიზაციის კურსი + მინიმუმ ათეულის დონეზე ინტეგრაცია) უნდა გაიაროს წელიწადში 3-4 ათასმა ადამიანმა;

3. გაწვევა უნდა იყოს სავალდებულო-ნებაყოფლობითი. ანუ, ფორმალურად გვექნება სავალდებულო გაწვევა, მაგრამ ფაქტობრივად იმ 28 ათასიდან 3-4 ათასს ნებაყოფლობით მოსულს ავარჩევთ;

4. ეს უნდა იყოს სოციალური კონტრაქტი სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის. სახელმწიფომ მას უნდა შესთავაზოს ბენეფიტები (მაგ. ჯანმრთელობის დაზღვევა, სწავლის დაფინანსება, მიზნობრივი იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის უზრუნველყოფა). კონკრეტულად რის შეთავაზებაზეა მოთხოვნა, ამის მოკვლევა შეიძლება მიზნობრივ ჯგუფებში;

5. საბრძოლო მომზადების შემდეგ ეს ხალხი ჩაირიცხება რეზერვის კადრირებულ ბრიგადებში და ყოველ 3 ან 5 წელიწადში გაივლის საბრძოლო გადამზადებას;

6. მეხუთე პუნქტი შეეხება მათაც, ვინც 2007 წლიდან დღემდე იმსახურა საკონრაქტო სამსახურზე, სრულად აქვს საბრძოლო მომზადება გავლილი და ახლა აღურიცხავად არის გამქრალი.

გენერალური შტაბის ჯ-1 დეპარტამენტმა ყველა მათგანი უნდა აღრიცხოს და შექმნას კადრირებული ბრიგადები, განახორციელოს საბრძოლო გადამზადება 3-5 წელიწადში ერთხელ მაინც.

მთელი ეს ამბავი საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდება წელიწადში 60-80 მილიონი ლარი თავის ყველაფრიანად. ეს ხელმისაწვდომი ხარჯია.

10 წლის წინ რომ დაგვეწყო ყველაფერი ამის კეთება, დღეს პროფესიული არმიის გარდა გვეყოლებოდა 50-60 ათასი ბრძოლისუნარიანი რეზერვისტი, რომელიც მოკლე პერიოდში შეძლებდა კადრირებულ ბრიგადებში შეკრებას.

ყოველ წელიწადნახევარში რომ ცვლი მინისტრს და ყველა ახლიდან რომ იწყებს ველოსიპედის გამოგონებას, ასე არასდროს არაფერი გამოვა.

წარმოდგენაც არ მინდა რა ქაოსი მოგვივა ახლა მასშტაბურ ომს რომ შევეჩეხოთ.

არ გეგონოთ რამეს მე თვითონ ვიგონებდე. არსებობს კარგად გამოცდილი ფინური, ესტონური და შვეიცარული მოდელები.

რაც დავწერე არის მათი გააზრება და ადაპტაცია საქართველოს საბიუჯეტო შესაძლებლობებზე და ქართული საზოგადოების მზაობაზე.

მე ყველაზე მეტად ფინური მოდელი მომწონს. მასში მიდგომა ასეთია: ომს იგებს არა ჯარი, არამედ საზოგადოება და ჯარი აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოების ნაწილი. ამიტომ, ყოველ მე-12 ფინელს ნამსახურები აქვს ჯარში. ესე იგი, ყველა ფინელს ყავს ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი ან მეგობარი, ვინც ჯარში იმსახურა. მისგან იცის ჯარის ამბები და ამიტომ ჯარი მისთვის ახლოა.

როცა ეს ბიჭები და გოგოები იომებენ, ეს მთელი საზოგადოების ომი იქნება.

უმრავლესობა თქვენთაგანი პირადად არც ერთ ჯარისკაცს არ იცნობს. ჯარი სხვაა, უცხო სხეულია თქვენთვის. საქართველოში ჯარში წასული კაცი ხშირად ებრალებათ კიდეც, რადგან მას “სხვ პრასვეტი არ ჰქონდა”.

მორალურად ლეგიტიმურად ითვლება სავალდებულო სამსახურისგან თავის დაძვრენა.

ვეთანხმები, ამ სავალდებულო ჯარისგან თავის დახსნა მორალურად სრულიად გამართლებული და აუცილებელიც არის.

ჩვენ ვალდებულები ვართ ქვეყანა და ჩვენი ოჯახები დავიცვათ, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია გვასწავლოს როგორ დავიცვათ.

ნაცვლად ამისა, სახელმწიფო გვიყენებს მონებად. უფასოდ გვამუშავებს ციხეების და სამინისტროების მცველებად; უფრო მეტიც, წვევამდელებით იცავს კერძო ობიექტებს, ამაში იღებს დიდ ფულს და წვევამდელებს ხელფასს არ უხდის.

ეს წვევამდელი წყლის მომტანად არ გამოდგება ომის დროს, რადგან ის გამოიყენეს ფულის დასაზოგად, მაგრამ არაფერი ასწავლეს.

ეს არამხოლოდ ამორალურია, არამედ კლავს მოქალაქის მიერ ქვეყნის დაცვის იდეას და ყველაზე მოკლე გზაა საზოგადოებაში სამხედრო საქმის დისკრედიტაციისკენ.

დრონებისა და ჰაერსაწიმააღმდეგო თავდაცვის განვითარებაზე არაფერს ვამბობ, ეს ანა ბანა არის ჯერ გასაკეთებელი,”-წერს ბექა კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g