LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექნუ ქაფიანიძის ქორწინება ბავშვობის სიყვარულთან, 3 შვილი, ცნობილი მამის კარგი მაგალითი და პოეზია, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს: „მამაჩემი ბევრ რამეში იყო მისაბაძი, მაგრამ პროფესიული კოპირება არასწორი იქნებოდა…“

9924
ბექნუ ქაფიანიძე

ბექნუ ქაფიანიძე – მსახიობი, ცნობილი ოჯახის შვილი, მამის, – ზურაბ ქაფიანიძის პროფესიულ გზას აგრძელებს, ოღონდ განსხვავებულად და თავისებურად. მას თავისი გზა აქვს და პოპულარობაც დამოუკიდებულად მოიპოვა, მისთვის მამა საუკეთესო მაგალითია, მაგრამ ფიქრობს, რომ მსახიობს ინდივიდუალური ხელწერა უნდა ჰქონდეს და არავის ჰგავდეს.

ლექსის კითხვა მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, თუმცა ახლახან თავი ტელეწამყვანის ამპლუაში გამოსცადა და „დღის პოსტის“ ერთ-ერთი წამყვანი გახდა.

ბექნუს დიდი პირადი ბედნიერება აქვს – ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, რომლებსაც მისი ყველაზე დიდი ნატვრა უკავშირდებათ.

fortuna.ge პოპულარულ მსახიობს ესაუბრა.

ბექნუ ქაფიანიძე:

ტელეწამყვანობის ამბავი საინტერესოდ დაიწყო – ამ გადაცემაში სტუმრად იმდენჯერ ვიყავი და ისე შინაურულად ვგრძნობდი თავს იმ სივრცეში, რომ ეს შეთავაზება მოულოდნელი არ ყოფილა. არაჩვეულებრივი ატმოსფერო, ადამიანები, ჩემი მეგობრები – გავერთიანდით და ერთმანეთის გვერდში დგომით ვაკეთებთ გადაცემას. მოკლედ, მანამდე დიდი გადაკვეთა გვქონდა.

პირველი ეთერის ღელვა მაინც ხომ არ ყოფილა, რადგან პირდაპირი ეთერია?

სტუმრისა და მასპინძლის პოზიციაში ნამყოფი ვიყავი და ეს ღელვა ნაწილობრივ გამიბათილა, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გავხსნილვარ და შეჩვევის ეტაპზე ვარ. ლაღი გადაცემა გვაქვს, მაყურებელს სთავაზობს დადებით და პოზიტიურ ემოციებს, შემეცნებითი ხასიათიც აქვს. ლექსის წაკითხვა, სტუმრებთან ურთიერთობა და მათთვის კითხვების დასმა ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ როდესაც სიმღერა გახდა საჭირო… (იცინის). ამან ამაღელვა და ამაფორიაქა, დანარჩენი ყველაფერი გადასარევადაა. თუმცა არ ვარ მომღერალი და არც ამისი ამბიცია მაქვს, ჩემებურად ვმღერი და მგონი, უარყოფითად არ ჩანს.

ელოდით ასეთ დადებით გამოხმაურებას სიმღერის კუთხითაც? ვინაიდან ძალიან ხართ მიჩვეული ზოგადად პოზიტიურ შეფასებებს მაყურებლის მხრიდან…

დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ და მინდა, სულ მადლობა ვუხადო ასეთ ადამიანებს. ჩემი სიმღერაც დადებითად მიიღებს, ეს მახარებს და მაბედნიერებს. რადგან ამბიცია არ მაქვს და ვმღერი მოყვარულის დონეზე, ვფიქრობ, ამ დონეზე არ მიშავს (იღიმის).

ლექსთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გკითხოთ – ბექნუს წაკითხული ლექსები ძალიან პოპულარულია. თქვენ, როგორც ადამიანმა, რომელმაც თავისი სტილი და ხელწერა იპოვა, ალბათ, ყველაზე კარგად იცით, როგორი რთულია, როცა შეიძლება შეგადარონ ისეთ მსახიობებს, როგორებიც იყვნენ და არიან გურამ საღარაძე ან მურმან ჯინორია, ლექსის კითხვის ოსტატებად ცნობილნი. ეს ფიქრები ხომ არ გქონიათ, როცა ლექსის კითხვა დაიწყეთ?

ერთ-ერთი მათგანი ჩემი პედაგოგი გახლდათ, გურამ საღარაძე… ძალიან მიყვარს მურმან ჯინორია და ერთად მიგვიღია შემოქმედებით საღამოებში მონაწილეობა, დიდ პატივს ვცემ… მამაჩემი კითხულობდა არაჩვეულებრივად… ლექსის კითხვა ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია, თუმცა არიან კარგი მსახიობები, რომლებიც უბრალოდ არ კითხულობენ ლექსს, სცენაზე კი თავიანთ საქმეს ძალიან კარგად აკეთებენ. რადგან მსახიობია, აუცილებლად ლექსს არ უნდა კითხულობდეს. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ მე თავად ვარ პოეზიის მკითხველი.

გეტყობათ, რომ გიყვართ…

სტუდენტობიდან მოყოლებული მიწევდა ლექსების წაკითხვა… ძალიან ბევრი წლის წინ, როცა საჯაროდ მომიწია წაკითხვამ, ძალიან ფრთხილად და ფაქიზად მივუდექი. ოდნავადაც რომ მეგრძნო, რომ მაყურებელს არ მოეწონა, ამას არავითარ შემთხვევაში არ გავიმეორებდი. იმდენად თბილად მიიღო მაყურებელმა, რომელსაც მეც ძალიან ვუფრთხილდები, რომ ამ რეაქციამ მომცა საშუალება, ლექსი არაერთხელ წამეკითხა. ეს შეფასებები ძალიან მახარებს და მაბედნიერებს. პოეზია მიყვარს და ვგრძნობ ლექსს… როდესაც კითხულობ, გულწრფელი უნდა იყო… ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია ეს თვისება, მით უმეტეს, ლექსის კითხვისას – როგორც შენ განიცდი და რასაც გრძნობ, ისე უნდა გადმოსცე. თუ არ იქნება მისაღები, არ უნდა გაიმეორო. ჩემებურად გადმოცემული ლექსი მაყურებელმა მიიღო. ვინც უნდა გასწავლოს, ინდივიდუალურად თუ არ გააკეთე საქმე, მისაღები არ იქნება. აქ არ არის არავითარი სიყალბე… ალბათ, ეს არის მომხიბვლელი ადამიანებისთვის, ჩემი დამოკიდებულება, განწყობა და ჩემებურად გადმოცემა… კიდევ ათასჯერ გადავუხდი მადლობას მაყურებელს თავისი დამოკიდებულებისთვის…

ბევრი ადამიანისთვის, ვინც ცნობილი ოჯახიდანაა და იმავე პროფესიას აგრძელებს, ნაცნობია შიში, მამის ან დედის ჩრდილქვეშ ყოფნის… როდესაც პოპულარობა მოვიდა, გარკვეული შვება ხომ არ იყო, რადგან გააცნობიერეთ, რომ საკუთარი გზით მიდიოდით?

სხვათა შორის, მსგავსი განცდა და ფიქრი არასდროს მქონია. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ზურა ქაფიანიძე გახლდათ, მისი ცხოვრების წესი და ადამიანებთან ურთიერთობის ფორმა იყო უშუალო და ძალიან გულწრფელი, სიყვარულითა და სითბოთი სავსე. ძალიან ძვირფას ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, მაგალითად, თენგიზ არჩვაძესთან, გოდერძი ჩოხელთან თუ ახლა – ტარიელ ხარხელაურთან… ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. იმდენად ღირსეულ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა, რომ მათი მაგალითი, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან ღირებული გახდა. ცდილობ, მათი მაგალითით იცხოვრო, მაგრამ მიბაძვა არ გამოგივა… არაფრით… ამიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ინდივიდუალიზმი საინტერესოა და შენებურად უნდა გადმოსცე და გააკეთო ყველაფერი. მე ეს თავიდანვე ვიცოდი და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. კიდევ ერთხდელ ვამბობ, თუ მაყურებელი არ მიმიღებდა, ამ საქმეს აღარ გავაგრძელებდი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თავდაჯერება, არავის უნდა მიბაძო…

არც მამას?..

რა თქმა უნდა, არა… მიბაძვა შეიძლება სხვა საკითხებში, მაგრამ პროფესიული კოპირება არაფრით შეიძლება. მამა და ვინც მე ჩამოვთვალე, ის ადამიანები, მისაბაძები ნამდვილად იყვნენ ბევრ სხვა საკითხში, მაგრამ პროფესიული მიბაძვა სწორი არ არის.

პოპულარობას როგორ შეხვდით?

ვინც მე მიცნობს, გადასარევად იცის, რომ არ ვარ ის ადამიანი, ვინც პოპულარობაზეა ორიენტირებული. გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან მიყვარს ადამიანები, დიდ სიყვარულს ვგრძნობ, მყავს უამრავი მეგობარი, სხვადასხვა პროფესიის თუ მისწრაფების, ამით ვცხოვრობ – ადამიანებთან ურთიერთობებით… ამპარტავნებაში ჩავარდნა და პოზის დაჭერა გამორიცხულია, რადგან ყველა ყველას გადასარევად იცნობს. მახარებს და მაბედნიერებს ის, როცა ასეთ სითბოს გრძნობ საზოგადოებისგან. მინდა, იმედები არ გავუცრუო…

თქვენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს ახალ ამპლუას – ტელეწამყვანობას?

მშვენივრად, გადასარევად… ვიღებ რჩევებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით, არის დეტალები, რასაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ (იღიმის). მეუღლე, შვილები, მეგობრები მეუბნებიან, ასე ჯობია და ისე ჯობიაო… მაგალითად, მეგობრებმა მომცეს მითითებები, რომ გადაცემის წაყვანისას უფრო მეტი იუმორი ჩავრთო, ძალიან მოსწონთ, როდესაც ლექსს ვკითხულობ, როდესაც ვმღერი… მეგობრების სურვილების გათვალისწინებას ვცდილობ.

შვილები რამხელები არიან?

უფროსი მეათეშია, შუათანა – მერვე კლასში, პატარა კი ბაღში დაბრძანდება.

მეუღლე ლექსის წაკითხვით მოხიბლეთ?

თამამად შეიძლება ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩემი წაკითხული ლექსები მოსწონს, თუმცა არა მარტო ლექსის წაკითხვით მოვხიბლე… ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. მერე დიდი ხანი არ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბავშვობის მერე გარკვეულმა პერიოდმა გაიარა. შემდეგ თეატრალურმა უნივერსიტეტმა გამართა მამაჩემის ხსოვნის საღამო. იქ შევხვდით ერთმანეთს. ბავშვობის მერე არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი და იქ დაიბადა ახლიდან ჩვენი ურთიერთობა… ასე მოვედით აქამდე. მამაჩემის თემამ შეგვახვედრა ერთმანეთს…

რა გაქვთ საოცნებო? პირადში ბედნიერი ხართ, კარიერა შეიქმენით, კიდევ რა არის სანატრელი?

არ არსებობს, რომ ადამიანს ოცნება არ ჰქონდეს, მაინც ბევრი საოცნებო და საფიქრალი გრჩება, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ადამიანებს ერთმანეთისთვის, უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს… მე ვარ მართლმადიდებელი, ქრისტიანი ადამიანი და პირველი, რასაც შევთხოვ უფალს, არის ის, რომ შვილები მყავდეს კარგად. როცა ადამიანს შვილები გყავს, ცხოვრებას სხვანაირი თვალით უყურებ. უცხო ბავშვსაც კი საკუთარ შვილად აღვიქვამ. მინდა, ჩემს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები კარგად გრძნობდნენ თავს. ამას წინათ, დავინახე ადამიანი, რომელიც ურნაში იქექებოდა, ეს ძალიან დიდი ტკივილია ჩემთვის და ნებისმიერი ქართველისთვის. აღარ მინდა, რომ მსგავსი რამ ხდებოდეს. ჩვენი შვილებისა და ჩემი ქვეყნის კეთილდღეობა – ეს არის ჩემი მთავარი ნატვრა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g