ბერლინის ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში (RAW Wine Berlin 2023), ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა. გამოფენის ორგანიზატორი ღვინის ცნობილი მაგისტრი იზაბელ ლეგერონი იყო.
„შესანიშნავია, რომ ქვევრის ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ადამიანები ეცნობიან ქვევრის ღვინის დამზადების ამ ტრადიციულ მეთოდს, რომელსაც თქვენ საქართველოში 8 ათასი წელია იყენებთ. გერმანია და ცენტრალური ევროპა მცირე მარნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, ყოველ წელს აქ უფრო და უფრო მეტს იგებენ ქართულ ღვინოზე. აღსანიშნავია ის წარმატება, რასაც პატარა ქვეყანამ ევროპაში მიაღწიეთ. აქ უკვე ნამდვილად იცნობენ ყურძნის ისეთ ქართულ ჯიშებს, როგორებიცაა ქისი, ხიხვი, საფერავი და იცნობენ ქვევრის ღვინოს“, – აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა.
წელს RAW Wine Berlin-ზე 20 ქვეყნის ბუნებრივი ღვინის 150 მწარმოებელი იყო წარმოდგენილი. ტრადიციულად, ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2023 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენებში ნიუ-იორკში, კოპენჰაგენსა და ლოს-ანჯელესშიც მონაწილეობდნენ.