ბერლინში კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები გააპროტესტეს. 21 აპრილს გამართულ აქციაში დაახლოებით 8000 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი სკანდირებდნენ: „მშვიდობა, თავისუფლება, არა დიქტატურას“.
პოლიციამ შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია დაშალა და 200-მდე მონაწილე დააკავა.
ბერლინის პოლიციის თანახმად, საპროტესტო აქციის დაშლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მონაწილეები არ დაემორჩილნენ დამცავი ნიღბების გაკეთების და სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნებს.
„დოიჩე ველე“-ს ინფორმაციით, დემონსტრანტების ნაწილი პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო, გერმანიაში მოქმედებს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ინფიცირების მაღალი დონის მქონე ქალაქებსა და რეგიონებში „კომენდანტის საათს“ საღამოს ათიდან დილის ხუთ საათამდე, სკოლების და მაღაზიების დახურვას და სხვა შეზღუდვებს.
გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 29 500-ზე მეტი შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 259 პაციენტი.
ბოლო ერთ წელიწადში გერმანიაში დაინფიცირდა 3 მილიონზე მეტი ადამიანი და 80 800-ზე მეტი გარდაიცვალა.