ბერლინში ქართულ-გერმანული ბიზნეს კონფერენცია გაიმართება. როგორც ”ფორტუნას” ”ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განუცხადა, ბიზნეს კონფერენცია ბერლინში 15 ივნისს გაიმართება და მასში 30-ზე მეტი ქართული და 80-მდე გერმანული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
მისივე თქმით, კონფერენციასთან დაკავშირებით ბიზნეს საბჭოს წევრი კომპანიები გერმანიაში საქართველოს ელჩს ლადო ჭანტურიას შეხვდნენ და საკონსულტაციო შეხვედრაზე მონაწილეთა სია და იქ წარსადგენი პრეზენტაციები განიხილეს.
”თითოეული ბიზნეს ფორუმი ევროპულ კომპანიებთან კონტაქტების დამყარების ახალი შანსია. ეს ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, რომ ქართულმა კომპანიებმა გერმანელ პარტნიორებთან აქტიური ბიზნეს ურთიერთობები დაიწყონ”, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობაზე ”ფორტუნასთან” საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ გერმანიასთან ეკონომიკური ურთიერთობები გაძლიერდეს.
”საქართველო ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა. გერმანული ეკონომიკა ევროპაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკაა და ამ თვალსაზრისით, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, გერმანელ მეწარმეებთან ურთიერთობა დავამყაროთ, ისინი ქართველ მეწარმეებს დავაკავშიროთ და ამით ეკონომიკურ თანამშრომლობას ხელი შევუწყოთ”, – განმარტა ლადო ჭანტურიამ.