LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო კალანდაძე და ზურა ბეროზაშვილი პრემიერით გადაცემაში ,,ღვინო, დუდუკი, ქალები”

14
zuraberozashviligvinoduduki

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” ბესო კალანდაძე და ზურა ბეროზაშვილი ესტუმრნენ, რომლებმაც რადიო ,,არ დაიდარდოს” ეთერში სიმღერის ,,პაემანი” პრემიერა შემოგვთავაზეს.

სიმღერა, რომელიც გაქვთ გუდაურზე როდის დაიწერა?

ზურა ბეროზაშვილი :

ეს სიმღერა 90-იანი წლების ერთ ჩვეულებრივ, უღიმღამო ზამთარშია დაწერილი. მე და ჩემი მეგობარი გია ვისხედით ბუხართან, კარდენახში და მივირთმევდით ღვინოს. მზიანი დღე იყო და უცებ წამოვიდა ძალიან დიდი ზომის ლამაზი ფანტელები, რამაც გაგვიყვანა აივანზე, ავიღე გიტარა ხელში და ქაღალდის პატარა ფურცელზე დავიწყეთ აკორდების მონიშვნა. გიამ მითხრა, მგონი ახლა სიმღერის წერას იწყებ და ქეიფი შევწყვიტოთო, მე კი ვუთხარი 5 წუთი დაეცადა და უკეთესად ვიქეიფებდით. ამ ფრაზამ უფრო დიდი სტიმული მომცა და ერთი ამოსუნთქვით შეიქმნა ახალი სიმღერა, სუფრაზე კი ჭიქების ნაცვლად გაჩნდა ფიალები და ლამაზი, საოცარი ქალების სადღეგრძელო შევსვი. ისინი, რომ არა მამაკაცების მიერ დაწერილი სიმღერების მნიშვნელოვანი ნაწილი არ გვექნებოდა. დიდი მადლობა ჩემს მეგობარ გიას და მის ოჯახს, მოკითხვას ვუთვლი აქედან. როდესაც ეს სიმღერა ჩემს მეგობრებს მოვასმენინე ისევდაისევ სუფრაზე, მოხდა ერთი კურიოზი, სიმღერა ისე მოეწონათ, რომ კიდევ რამდენჯერმე მთხოვეს შემესრულებინა. ამას ისმენდა ჩვენი ახლობელი პატარა გოგონა, სკოლის მოსწავლე, რომელმაც დასვლა კითხვა, თუ ვინ იყო სიმღერაში მოხსენიებული ბახუ, მეგობარი თუ ძმაკაცი, დიდებმა კი აუხნებს, რომ ღვინის ღმერთს ჰქვია ბახუსი, ამის შემდეგ სულ მეღადავებიან, ბეროს ბახუ როგორ გყავსო.

მოგვიყევით სიმღერაზე, რომელიც მოგვიტანეთ..

სიმღერის სახელწოდებაა ,,პაემანი”, არის ჩემი დაწერილი სტუდენტობისას, 80-იან წლებში და ასრულებს ბესო კალანდაძე. როდესაც ვფიქრობდი, თუ ვინ შეასრულებდა ამ სიმღერას, ყოველთვის თვალწინ მედგა ბესო. თითქმის 40 წელი გავიდა და ახლა მოხდა ამ სიმღერის არანჟირების ჩაწერა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მეც და ბესოც, უწესიერეს და უსაყვარლეს ადამიანს, გია მაჭარაშვილს, რომელმაც გაგვაცნო ერთმანეთი და დაგვამეგობრა. მისი რჩევით მოხდა ბატონი ბესოსთვის რამდენიმე ჩემი სიმღერის შეთავაზება. ბესო როდესაც გამოდიოდა ანსამბლ ,,75”-თან ერთად სცენაზე და იყო უზომოდ პოპულარული მომღერალი, მაშინ მე ბავშვი ვიყავი და ვოცნებობდი, რომ ახლოდან მენახა ის, რადგან მთელი საქართველო გიჟდებოდა მის სიმღერებზე. ვერ წარმოვიდგენდი ჩვენ თუ დავმეგობრდებოდით, მაშინ ეს არც ოცნებაში და არც სიზმარში მომელანდებოდა.

ბესო კალანდაძე:

ალბათ გექნებათ კითხვა, თუ რატომ ავირჩიე მაინცდამაინც ეს სიმღერა. მინდა გითხრათ, რომ ასეთ სტილში სიმღერა არასდროს არ შემისრულებია, ამიტომ საინტერესო იყო ჩემს რეპერტუარში, სტილისტურად განსხვავებული ჟანრის სიმღერაც ყოფილიყო, დანარჩენს კი მსმენელი შეაფასებს. არანჟირება ეკუთვნის გია მაჭარაშვილს, ტექსტი და მუსიკა კი ზურა ბეროზაშვილს.

 

ბესო კალანდაძე – პაემანი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ბესო კალანდაძე & ზურა ბეროზაშვილი.  ვიდეო კოლაჟი

 

ზურა ბეროზაშვილი – დროის მატარებელი. Live 

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები