“სტარტაპის დაწყების იდეა პანდემიის დროს გაჩნდა. ახალ ბინაში გადასვლისას, მცენარეების შეძენა მსურდა. მივხვდი, რომ ქოთნების შეძენა სერიოზული პრობლემაა. საუკეთესოს არჩევა რთულია, რაც მოგეწონება, ძვირია. ასე დაიბადა იდეა”, – ამბობს “ფორტუნასთან” საუბარში კომპანია “ბეტონნას” დამფუძნებელი თეა კიკნაძე.
სტარტაპერმა აღმოაჩინა, რომ ქოთნების გაკეთება ბეტონისგან შეიძლება და საკუთარი ხელით პირველი ნიმუშები შექმნა.
“ბევრი ძიებისა და ექსპერიმენტების ფონზე, მივაღწიე მასალის მდგრადობას და გამძლეობას. ჩემი მეგობრების და ოჯახის წევრების გარეშე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. მოგვიანებით, ფორმების შეკვეთა და გამოწერა დავიწყე. შესაბამისად, ხელით შექმნილი ქოთნები მაღალი ხარისხის გამოდის”, – ამბობს თეა კიკნაძე.
„ბეტონნა“ პროდუქტს ონლაინ ყიდის, ფეისბუქისა და ინსტაგრამის დახმარებით, თუმცა ახლო მომავალში მაღაზიებთან პარტნიორობასაც აპირებენ.
“სამომავლოდ, აქსესუარების დამატებასაც ვგეგმავთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი პროდუქცია ნებისმიერ სეგმენტზეა გათვლილი. მცენარეები როგორც ახალგაზრდებს, ასევე ასაკოვან ადამიანებსაც უყვართ. ჩვენ მათ სხვადასხვა დიზაინის ხარისხიან პროდუქტს შევთავაზებთ”, – გვიყვება „ბეტონნას“ დამფუძნებელი.