16 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” ოპერის მომღერალი თამარ ივერი სტუმრობდა, რომელმაც პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებსა და ერთი წლით გადადებულ კონცერტებზე ისაუბრა
– ქალბატონო თამარ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება თვითიზოლაციაში?
უცნაურია, მაგრამ ჩემთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა თვითიზოლაცია. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მარტო დარჩენა, ფასეულობების გადაფასება უწევს და მეც სწორედ საკუთარ თავში გასარკვევად გამოვიყენე ეს დრო. გარდა ამისა, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის, მათი გაცნობის საშუალება მომეცა, რაც ძალიან იშვიათად გამომდის გიჟური ცხოვრების რიტმის და წესის გათვალისწინებით. ბოლო დროს მხოლოდ ბავშვებზე ვარ ორიენტირებული, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ახლა სჭირდებათ ჩემი მხარდაჭერა. თუმცა, პანდემიამ მეც მაზარალა, რადგან მომავალ წლამდე გადაიდო ავსტრიასა და გერმანიაში დაგეგმილი კონცერტები. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში და მივხვდი, რომ ძალიან რთულია მხოლოდ სიმღერით თავის გატანა. ალბათ მცირე ბიზნესიც საჭიროა აგენტის, თეატრის და სხვა ხარჯების გასასტუმრებლად.
– რა პროფესიას აირჩევდით, რომ არა ოპერის მომღერალი?
– ძალიან შემოქმედებითი ადამიანი ვარ, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელოვანი ვიქნებოდი.
– რამდენადაც ვიცი, მალე ახალციხეში იგეგმება კონცერტი ოპერის მომღერლების მონაწილეობით,
– ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა თავისუფლად შეიძლება მოეწყოს საღამო რეგულაციების დაცვით.
– ვოკალისტთა კონკურსის გადადებას ხომ არ გეგმავთ, რომელიც ტრადიციულად ბათუმში ტარდება?
– ძალიან მიყვარს ბათუმი, რადგან სწორედ იქ ჩამოვყალიბდი მომღერლად. ბევრს ბათუმელი ვგონივარ, რადგან მართლა ძალიან მიყვარს და ბევრ ევროპულ ქალაქს მირჩევნია. დიდ იმედებს ვამყარებდი ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა აჭარაში საერთაშორისო პროექტების ჩატარება შეიზღუდა. რა თქმა უნდა, მუსიკალური ფესტივალი მნიშვნელოვანია, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ კონკურსის მომავალ წლამდე გადადება გადავწყვიტე.