LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი მეუბნება, რომ წარსული ეპოქიდან ვარ, თუმცა თვითონ მგონია, რომ მომავლიდან ვარ” – გიორგი გილიგაშვილი „არტ-FM”-ში

152
გიორგი-გილიგაშვილი

6 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM”-ს მუსიკოსი გიორგი გილიგაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ახალ სიმღერაზე „გავღმერთიანდეთ“, საკუთარ შემოქმედებით და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

„გავღმერთიანდეთ“

მართალია, სიმღერა თვითონ დავწერე, მაგრამ ჩემი არასდროს ყოფილა, რადგან უფალს ეკუთვნის, მე კი უბრალოდ გამტარი ვარ და მხოლოდ იმას ვამბობ, რაც უფლის ნებაა. ყოველთვის მინდოდა მამასთან ერთად სიმღერა და როგორც იქნა დავითანხმე. მამას საოცრად თბილი, ტკბილი ხმას აქვს და ძალიან გულწრფელია მისი შესრულება, რადგან ზუსტად ისე მღერის, როგორც თვითონ უნდა. მანამდე მამას ნამღერი არავის მოესმინა,   ამიტომ ჩაწერის დროს ყველა გააკვირვა თავისი ტკბილი ხმით.

ვიდეოში, რომელიც კომპოზიციისთვის შეიქმნა, ჩემი ულამაზესი დები, ნათესავები და მეგობრები მონაწილეობენ. ერთი სიტყვით, მოსიყვარულე, ეროვნულად მოაზროვნე და ღმერთის მადიდებელ ადამიანთა საოცარი დასი შეიკრა კლიპის გადასაღებად.

სიმღერას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ჩემი მეგობარი გიორგი გასვიანი დამიკავშირდა და გიორგობაზე რადიოში მიმიწვია. მართალია, როგორც გიორგის ყოველთვის მიხარია, როცა გიორგობას მილოცავენ, მაგრამ ბევრად სასიამოვნოა, როცა თვითონ ვულოცავ სხვას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. გიორგისთან, ეთერში გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ლექსის მონახაზი გავაკეთე და პირველად სწორედ იქ წავიკითხე: „გიორგობას მივულოცავ სხვა სახელებს, მათ ვინც, ქრისტეს თავის ღმერთად ასახელებს, ვხედავ იბანს პილატესი ბრმასა ხელებს, ვინც გაყიდა ვერცხლი, სწორედ იმას ახელებს, მაგრამ მჯერა მომავალი მასახელებს, არ აღრევენ მტერ-მოყვარის გვარ-სახელებს, გიორგობას მივულოცავ სხვა სახელებს, მათ ვინც, ქრისტეს თავის ღმერთად ასახელებს“.  გიორგის უნდა ვუმადლოდე ჯერ ლექსის, მერე სიმღერის შექმნას, რადგან სწორედ ექსპრომტად მოფიქრებულ ლექსზე აიგო სიმღერის მთელი პოეზია.

ვინც იცის გილგამეში როგორ გამოიყურება, ალბათ ჩვენს შორის გარეგნულ მსგავსებასაც აღმოაჩენს, თუმცა ბევრად ადრე დავიწყე თმისა და წვერის გაზრდა, ვიდრე გილგამეშიანს გავეცნობოდი. დარწმუნებული ვარ, მე – როგორც გილიგაშვილს საერთო ფუძე მაქვს გილგამეშთან. მეფე გილგამეში უკვდავებას ეძებდა, ზუსტად ისე როგორც, მართლმადიდებლობის არსია უკვდავების, მარადიული სიცოცხლის ძიება. ვფიქრობ, გილგამეშიანის პათოსი ძალიან ჰგავს მართლმადიდებლობის პათოსს, მე კი, მხოლოდ სიყვარულით ვცადე ამ იდეის გადმოცემა. მართალია, ბოროტ ძალებს შეუძლიათ გაერთიანება, მაგრამ მათ არ შეუძლიათ გაღმერთიანება, რადგან ამის უნარი მხოლოდ ადამიანებს აქვთ. სწორედ ამიტომ დავარქვი სიმღერას „გავღმერთიანდეთ“. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება სხვადასხვა სამოსი გვეცვას, მაგრამ ყველანი ერთი მამის შვილები ვართ.

ბევრი მეუბნება, რომ წარსული ეპოქიდან ვარ, თუმცა თვითონ მგონია, რომ მომავლიდან ვარ. სინამდვილეში, არც წარსული არსებობს მომავლის გარეშე, არც მომავალი წარსულის გარეშე, ამიტომ სწორედ ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ისინი ერთმანეთს. რა თქმა უნდა, უსიყვარულობა, მტრობა და ვერაგობა ყოველთვის იყო და იქნება, რადგან ადამიანი ცოდვის შვილია და ვერ იტევს სიყვარულს და სიკეთეს მთელი სისავსითა და სისრულით. ადამიანები არა მსგავსებას და ერთმანეთთან დაახლოების, არამედ განსხვავებას და განშორების მიზეზს ეძებენ, ამიტომ მინდა, რომ ხშირად გავუმეოროთ საკუთარ თავს და მოყვასს რომ საჭიროა „გავღმერთიანდეთ“.

ოჯახი და მეგობრები

რა თქმა უნდა, მთელმა ოჯახმა – მშობლებმა, ბებიებმა და პაპებმა იზრუნეს ჩემს აღზრდაზე, მაგრამ მე მაინც ღმერთის გაზრდილი ვარ. „ჩემი ბებოს კოკორი“ – სწორედ ასე მომმართავდა ბებია, თუმცა ძალიან მეუხერხულებოდა, რადგან ვთვლიდი, რომ ბიჭს მსგავსი მიმართვა არ შეეფერებოდა. ძალიან მომწონდა, როცა პაპა „ჩემს ვაჟკაცს“ მეძახდა, თუმცა, საბოლოოდ „კოკორმაც“ თავისი საქმე გააკეთა და ზუსტად ის სიტკბო და სიყვარული მივიღე ბებიისგან, რომლითაც ამ სიტყვით მეფერებოდა. ყველას ვურჩევ, მიიღოს ბებოს და პაპას ნებისმიერი ნათქვამი, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს, რადგან ყველა სიტყვა სიყვარულითაა ნათქვამი.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რომლებიც მთელი გულით და სრულიად უსასყიდლოდ ამომიდგნენ მხარში და დამეხმარნენ ჯერ სიმღერის, მერე კლიპის გაკეთებაში, რადგან თვითონაც გაიაზარეს და მიიღეს სიყვარული. ყველა ძალიან დამეხმარა, თითოეულმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჩვენი პროექტის განხორციელებაში და ყველას დიდად ვემადლიერები.

მძიმე პერიოდი

მართალია, მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ მაინც ტკბილად მახსენდება, რადგან უამრავი ადამიანი ამომიდგა მხარში, ნაცნობებიც და უცნობებიც ჩემთვის ლოცულობდნენ და სწორედ ჩემზე ზრუნვით, სხვისთვის სიკეთის კეთებით გამოაჩინეს ნამდვილი სახე.

სიმღერის ნიჭი

ორი წლის ვიყავი, როცა ლექსი ვთქვი: „ფისო, ფისო, შავო ფისო, ულვაშები ამოგდისო“.  დედამ მოისმინა და მაშინვე მიხვდა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად ლექსების წერას დავიწყებდი, რადგან მისი მამაც წერდა. სიმღერის შემთხვევაში – შეუძლებელი იყო არ ავმღერებულიყავი, რადგან ყველა მღეროდა და მეც სიმღერით გავიზარდე. 10 წლის ასაკში დასთან ერთად ვმონაწილეობდი „პატარა ვირტუოზებში“, ჩვენი კომპოზიტორი ანრის დედა, ქალბატონი რუსუდან ჩხაიძე იყო, რომელმაც პირველი სიმღერა გვაჩუქა, „მზეო ამოდი, ამოდი, მიწას მოჰფინე ნათელი, ლამაზ სიმღერებს გიმღერებ ერთი პატარა ქართველი“ – ამ სიმღერასთან, სამშობლოსთან და მზესთან ერთად მოვდივარ მთელი ცხოვრება, როგორც ჩანს, ქალბატონმა რუსუდანმა წლების წინ და სულ რაღაც ერთი სტროფით განსაზღვრა მთელი ჩემი ცხოვრების კრედო.

ყოველთვის სიამოვნებით ვჩუქნი ჩემს მეგობრებს ჩემს სიმღერებს, რადგან ჩემი ნიჭი უფლისგანაა. წარმოუდგენელია ადამიანმა, რომელიც ძალიან გიყვარს, რაიმე გთხოვოს, შენ ამის გაკეთება შეგეძლოს და უარი უთხრა. სწორედ ამიტომ ვაჩუქე ნინი ბადურაშვილს ჩემი სიმღერა, რითაც თვითონაც ძალიან ვისიამოვნე.

პროფესია

იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე სამოქალაქო სამართლის სპეციალობით, თუმცა არასდროს მიმუშავია პროფესიით. ჩემთვის ყველაზე დიდი სამსახური – სამშობლოს, ღვთის და მოყვასის სამსახურია, ამიტომ დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია.

სამომავლო გეგმები

ძალიან მალე შევთავაზებთ მსმენელს ჩემი დის საოცრად ლამაზ და თბილ სიმღერას. გარდა ამისა, კიდევ ერთ სიმღერაზე ვმუშაობ, რომლის კონცეფცია უკვე ჩამოყალიბდა, ახლა დამუშავებაა საჭირო.

გიორგი გილიგაშვილი – „გავღმერთიანდეთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები