LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრს უთქვამს, რომ ძალიან უყვარს ჩემი ძველი სიმღერები და გული სწყდება, რომ აღარ ვმღერი” – ნინი ბადურაშვილი სიმღერის „არასოდეს მყვარებია ასე“ ახალი ვერსიის პრემიერით „არტ-FM“-ში

2243
ნინი-ბადურაშვილი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცმას „არტ-FM“-ს მომღერალი ნინი ბადურაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ცნობილი სიმღერის „არასოდეს მყვარებია ასე“ ახალი ვერსია შესთავაზა მსმენელს.

„არასოდეს მყვარებია ასე“

ბევრს უთქვამს, რომ ძალიან უყვარს ჩემი ძველი სიმღერები და გული სწყდება, რომ აღარ ვმღერი. სიმართლე ვთქვა, ძალიან არ მიყვარს ძველ ფონოგრამაზე სიმღერა, როცა ცოცხალი ბენდი არ უკრავს და სწორედ ამიტომ ვერიდებოდი ძველი სიმღერების შესრულებას. ვფიქრობ, ახალი ვერსიით შესრულებისას ნებისმიერ სიმღერას სჭირდება განახლება, მით უფრო, რომ კონცერტის მოწყობას ვგეგმავდი, რომელზეც ძველი სიმღერების ახალ ვერსიებს შევთავაზებდი პუბლიკას.

სიმღერა „არასოდეს მყვარებია ასე“ ეკას ეკუთვნი, ტექსტი ნიკო გომელაურმა დაწერა,  პირველი ვერსიის არანჟირებაზე კი, ზურა მახნიაშვილმა იმუშავა, ამიტომ ახალ ვერსიაზე მუშაობის დროსაც მას მივმართე.

პირველად „არასოდეს მყვარებია ასე“ 15 წლის ასაკში შევასრულე. ბავშვობაში ძალიან ძლიერი ხმა მქონდა, თუმცა გარდატეხის ასაკში საერთოდ დავკარგე და ჩავთვალე, რომ ვერასდროს ვიმღერებდი. სწორედ ამ სიმღერის შესრულებისას ვიგრძენი, რომ ხმა მიბრუნდებოდა და ყველაფერი ისე ცუდად არ იყო, როგორც მეგონა.

იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო ალიშა კისის კომპოზიცია If I Ain’t Got You, რომელიც მე და ეკას ძალიან მოგვწონდა, ამიტომ მსგავსი სტილის კომპოზიციის დაწერა გადავწყვიტეთ. ეკა როიალს მიუჯდა და ძალიან სწრაფად, ძალიან მარტივად დაწერა მუსიკა, რომელზეც ნიკო გომელაურმა შექმნა ლექსი. სხვათა შორის, პირველი სეროზული კლიპიც ამ სიმღერაზე გადავიღეთ.

ეკა კახიანის კონცერტი

მართალია, ეკა უამრავი სიმღერის ავტორია, მაგრამ ნაკლებად აწყობს სოლო კონცერტებს. მხოლოდ ერთი საღამო გამართა მუსკომედიის ეზოში და ახლა მეორე კონცერტის მოწყობას გეგმავს, მით უფრო, რომ უამრავი ახალი სიმღერა დაუგროვდა. საავტორო საღამო ფილარმონიაში მოეწყობა, სადაც მანამდე არასდროს ჰქონია კონცერტი. სხვათა შორის, საღამოს ფილარმონიაში გაკეთების იდეა მე შევთავაზე. თავიდან ცოტა დაფრთხა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავითანხმე. ვფიქრობ კარგი საღამო გამოვა, რადგან პოპულარულ სიმღერებთან ერთად ბევრი ახალი კომპოზიციაც შესრულდება. 

მუსკომედიის თეატრში მოწყობილი კონცერტი მართლაც საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა, რადგან სინამდვილეში, ეკა მსახიობია, ნაკლებად თვლის საკუთარ თავს კომპოზიტორად, ამიტომ აქცენტს ყოველთვის პერფორმანსზე აკეთებს. ახალი საღამოც შოუ უფრო იქნება, ვიდრე აკადემიური კონცერტი, რადგან როლები და ეპიზოდები შესრულდება სპექტაკლებიდან.

პრაიმ-შოუ

რვა წელი ვიმუშავე ამ პროექტში და უზარმაზარი ცოდნა შევიძინე, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. მართალია, უამრავი ჭორი გავრცელდა, თითქოს ვიღაცაც ვეჩხუბე, მაგრამ სინამდვილეში, ყველასთან ძველებურად ვმეგობრობ. უბრალოდ, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ტელევიზიას უფრო მეტ დროს ვუთმობდი, ვიდრე მუსიკას.  ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დასაწყისი, დასასრული აქვს და მეც ამოვწურე საკუთარი შესაძლებლობები ამ გადაცემაში.

სამომავლო გეგმები

უამრავი გეგმა მაქვს, რომლებიც მეტწილად მუსიკას უკავშირდება. მართალია, ჩემი პატარა ბიზნესი – ტუჩსაცხის ხაზი მქონდა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგრამ თვითონ გამიჭირდა მისი მართვა, რადგან ბიზნესს მეტი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

ბევრ ახალ სიმღერას ვამზადებ, ერთ-ერთი მათ შორის მაიკო კაჭკაჭიშვილის მუსიკაზეა და სულ მალე ჩაიწერება. ამასთანავე, ახალი კლიპის გადაღებას ვგეგმავ, რომელიც მანამდე გაკეთებული კლიპებისგან აბსოლუტურად განსხვავებული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g