LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიჭები ტყვიებს ვიყოფდით… მთელი რუსეთის შეიარაღება გვიწევდა წინააღმდეგობას, ასეთი მასობრივი შემოტევა მხოლოდ ფილმებში გექნებათ ნანახი” – 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა

1009
78787878

ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა 27 სექტემბერს საქართველოს დამარცხებით დამთავრდა.

სოხუმი დაეცა.

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის.

შეთანხმება მხოლოდ 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა.

 

 

გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.

ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის ხოცვა მოაწყვეს.

ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.

რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის გარდა).

აფხაზეთის ომიდან 28 წლის შემდეგ ბევრი ამბობს, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს აფხაზების დაბრუნების შანსი.

 

 

აფხაზეთის ომის ვეტერანი-გოჩა შალამბერიძე საბრძოლო შენაერთ „თეთრი არწივის“ სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის მებრძოლი, რომელიც სოხუმისას ალყაში მოჰყვა… აფხაზეთიდან ფაქტობრივად ფეხით გამოაღწია….

„ფორტუნასთან“ საუბარში გოჩა შალამბერიძემ 28 წლის წინანდელი ამბები გაიხსენა.

„ომში რომ წავედი, 26 წლის ვიყავი. განწყობა იყო ვაჟკაცური და კაცური.

მანამდე აფხაზეთთან არანაირი შეხება არ მქონია. ერთხელ ვიყავი მხოლოდ გავლით ნამყოფი.

ომიანობის დროს ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. მანამდე ამ მხარეში არ მყოლია მეგობარი. „თეთრი არწივის“ ბიჭები გაგრასთან იბრძოდნენ, მაგრამ მე გაგრასთან არ მიბრძოლია.

სოხუმში ვიყავი. ბევრი, ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. 1992 წლიდან დაჭრილი რომ ვიყავი, მხოლოდ მაშინ წამოვედი, რაღაც პერიოდი, მერე დავბრუნდი და 27 სექტემბრამდე იქ ვიყავი.

27 სექტემბერი ძალიან ცუდად მახსენდება. ალყაში მოგვაყოლეს მიწისქვეშა გადასასვლელში, ჩაბარებაზე გვქონდა საქმე, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ივაჟკაცეს, გავარღვიეთ ალყა და გამოვედით, მაგრამ ორი ბიჭი მოგვიკვდა და ორი დაგვეჭრა.

 

ომში რომ წავედი, 26 წლის ვიყავი. განწყობა იყო ვაჟკაცური და კაცური

 

დაჭრილები გამოვიყვანეთ. ერთი შარშან ჩამოასვენეს და ერთი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

შეგვეძლო თუ არა ამ ომის მოგება? … ჩვენ ძალიან ვაჟკაცურად ვიყავით, მაგრამ ბოლოს ჩვენ აღარც შეიარაღება გვქონდა.

ბიჭები ტყვიებს ვიყოფდით…

მოგების რა გითხრათ, ამხელა რუსეთს ვინ მოუგებს. მთელი რუსეთის შეიარაღება გვიწევდა წინააღმდეგობას.

შანსი, რომ მეგობრებად დავრჩეთ არის. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ოჯახის წევრები დაეხოცათ აფხაზეთის ომში, ისინი ამბობენ, რომ შერიგდებიან და დაბრუნდებიან და ჩვენ მით უფრო არ გაგვიჭირდება დაბრუნება.

დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ. პოლიტიკოსების ნებაზეა ალბათ ბევრი რამ დამოკიდებული…

აფხაზეთში გატარებული ყველა  დღე რთული იყო. მოიერიშე ბატალიონი ვიყავით. სოხუმის დაცემა კოშმარი იყო. ასეთი მასობრივი შემოტევა ფიზიკურად არსად არ მქონდა ნანახი. ფილმებში გექნებათ ნანახი, ყველაფერი დაფრინავდა… თუკი რამე არსებობს შეიარაღების, ყველაფერი გამოიყენეს.

 

მოატყუეს ედუარდ შევარდნაძე სოხუმში დაბრუნდნენ პოლიტიკოსები და მოსახლეობაც დააბრუნეს.

ანალოგიური რამ მოხდა გაგრაში. სკოლები გახსნეს. დაბრუნდნენ მაცხოვრებლები …

ფოთში იარაღი გამოატანინეს და ცარიელი ხელებით დარჩა სოხუმი.

ქართველების მთავარი შეცდომა ისაა – რომ არ უნდა ვენდოთ არავის. ეს იყო ჩვენი მთავარი შეცდომა. ვენდეთ, პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს და მოგვაყოლეს რიგითები“… ყვება „ფორტუნასთან“ გოჩა შალამბერიძე.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა ერთიანობისთვის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უსახლკაროდ დარჩა 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g