„ერთად დგომით შევძელით და ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, მედია – დამოუკიდებელია, ბიზნესი კი ხელშეუხებელი, ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად ცხოვრობს და აღარ აქვს პოლიტიკური დევნის შიში“, – ამის შესახებ განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ივანიშვილმა შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, „ქართული ოცნების“ გუნდი, წარმატებების მიღწევის მიუხედავად შეჩერებას არ აპირებს და მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა გვაქვს, რაც განვითარების მთავარი წინაპირობაა.
„უფრო შორს აღარ წავალ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ წარმატებების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ გუნდი, შეჩერებას, რა თქმა უნდა, არ აპირებს. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს. ბუნებრივია, ყველა ის სიკეთე, რასაც 2012 წლის შემდეგ ერთად მივაღწიეთ კარგია და აღნიშვნას იმსახურებს, მაგრამ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, გვაქვს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც განვითარების მთავარი საწინდარია, ეს კი წლების განმავლობაში თქვენ მიერ „ქართული ოცნებისათვის“ გამოცხადებული ნდობის შედეგია. მშვიდობის მნიშვნელობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი; ამ ქვეყნის შვილებს არ გვესწავლება, რომ საუკუნეების განმავლობაში, სწორედ მშვიდობა იყო ჩვენთვის ასე სანატრელი რამ, რადგან კარგად ვიცოდით რა არის ომი და რა უბედურება ახლავს მას თან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.