LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი: „ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს განსაკუთრებით მოვუფრთხილდებით და კონსტიტუციის დონეზე დავიცავთ… გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს“

120
ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა

აქაური აგენტურა დიდი ენთუზიაზმით იცავს და ავრცელებს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ყოველგვარი ტრადიციული ფასეულობის მოშლა, ადამიანების ღირსებისგან თუ მორალისგან სრული დაცლა და ყველაზე დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნაა“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობასთან მიმართვისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების დასრულებისა და ქართველი ხალხისგან მაღალი ლეგიტიმაციის მოპოვების შემდეგ დაიწყება პროცესი, რომელიც დასრულდება დამნაშავეების გასამართლებით და მკაცრად დასჯით!“

ივანიშვილმა განმარტა, თუ რატომ სჭირდება მმართველ გუნდს 26 ოქტომბრის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება:

„საქართველოს პარლამენტში უკვე ინიციირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც, ისევე როგორც ყველაფერს ქართული ინტერესებისთვის სასარგებლოს, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება. აქაური აგენტურა დიდი ენთუზიაზმით იცავს და ავრცელებს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ყოველგვარი ტრადიციული ფასეულობის მოშლა, ადამიანების ღირსებისგან თუ მორალისგან სრული დაცლა და ყველაზე დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნაა. თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას – ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს განსაკუთრებით მოვუფრთხილდებით და კონსტიტუციის დონეზე დავიცავთ!“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, ქართველების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, ამიტომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს:

„განვლილმა რამდენიმე წელიწადმა თვალსაჩინო გახადა, რომ რეგიონში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, შესაძლებლობების გაჩენისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა და სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს კორელაციაში, რისი ერთადერთი გზაც კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგენტურით გაჯერებული ოპოზიცია ამჯერადაც უარს იტყვის საქართველოს ინტერესების გატარებაზე, გააგრძელებს გარე დავალებების შესრულებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ ცვლილებებს წინ აღუდგება, სწორედ ამიტომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არის კიდევ ერთი, საქართველოსთვის და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები