მულტიმილიარდერმა ბილ გეითსმა შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ მისცა ,,ვაშინგტონ პოსტს” და გააკრიტიკა ის შტატები, სადაც მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუღია მკაცრი ზომები. ამ დროისათვის აშშ-ში, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მზარდი კერაა, 5 შტატის მცხოვრებლებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ სახლში დარჩენის განკარგულება შტატის მმართველებისაგან. შესაბამისად აშშ-ის ყოველი 10 მცხოვრებიდან ერთი თავისუფლად გადაადგილდება და ვირუსის პოტენციური გამავრცელებელია.
გეითსის აზრით იმისათვის, რათა არსებული ვითარება დაძლიოს, აშშ 10 კვირა მკაცრ კარანტინში უნდა დარჩეს. გეითსის თქმით, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი მინიმალურ დროში იმ დანაკარგების შემცირება, რაც ქვეყანას ადგება როგორც ადამიანური, ასევე ეკონომიკური დანაკარგების სახით.
64 წლის ბიზნესმენმა ისაუბრა კორონავირუსის ვაქცინის შესახებაც და განაცხადა, რომ უდიდესი ალბათობით ვაქცინა 18 თვის ვადაში იქნება ხელმისაწვდომი და ეს იქნება ყველაზე სწრაფად შექმნილი ვაქცინა კაცობრიობის ისტორიაში. თუმცა იქამდე მსოფლიო კორონავირუსს სოციალური დისტანცირების გზით უნდა ებრძოლოს. ,,თუკი მთელი ქვეყანა მინიმუმ ათი კვირა მკაცრ კარანტინში არ დარჩა, ეს შემდგომში უფრო დიდ ზარალს მოგვაყენებს, ვირუსს კი ექნება შანსი დაბრუნდეს”, – განუცხადა გეითსმა ავტორიტეტულ გამოცემას. ამ დროისათვის აშშ-ში მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი, 245 380 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 6095 , გამოჯანმრთელებულია 10 411 ადამიანი.