„თბილისი ჰილსი“ უნიკალური და სრულიად განსხვავებული კონცეფციაა უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე. ევროპული სტანდარტის, მრავალფეროვანი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ცენტრთან ახლოს მდებარეობს და მას საქართველოში ერთადერთი პროფესიონალური გოლფის მოედანი გააჩნია. „თბილისი ჰილსის” პროექტზე არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, რომელმაც დაპროექტების პროცესში ადგილობრივი ეკოსისტემისა და რელიეფის თავისებურებები გაითვალისწინა.
მაია შანშიაშვილი, „თბილისი ჰილსის“ კომერციული დირექტორი:
– „თბილისი ჰილსი“ ესტონური პროექტია, რომელიც მდებარეობს თბილისთან ახლოს, თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ გზაზე, კრწანისის მიმართულებით. ტერიტორიის ფართობი 331 ჰექტარია, საიდანაც 60 ჰექტარზე გადაჭიმულია 18 ფოსოიანი გოლფის მოედანი, დანარჩენი ტერიტორია კი განკუთვნილია კერძო ვილებისთვის. ცოტა ხნის წინ, მოთხოვნიდან გამომდინარე, აპარტამენტების პროექტიც ჩავუშვით.
– როგორი სახით ჩაბარდებათ ბინები მესაკუთრეებს და რა ფართებზეა საუბარი?
– ბინების ფართი იწყება 57 კვ.მ-დან, საცხოვრებელი შენობა არის ოთხსართულიანი (პირველი სართულიც საცხოვრებელია), ორსადარბაზოიანი, თითო სადარბაზოში 22 ბინაა და პირველი სართულის რამდენიმე ბინას საკუთარი პატარა აუზი აქვს, რაც ნოვაციაა უძრავი ქონების ქართული ბაზრისთვის და რამაც განაპირობა კიდეც დიდი ინტერესი ჩვენი აპარტამენტების მიმართ. ბინები ჩაბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით, რაც გულისხმობს გალესილ კედლებს, მოჭიმულ იატაკს, ელექტრობას და ა.შ. ამასთან, პირადი სივრცისა და მეტი სიმშვიდის შესაქმნელად. „თბილისი ჰილსი“ ხელმძღვანელობს ევროპული სტანდარტით და ხმაურის გამტარობის დონის შესამცირებლად შიდა კედლების სისქე 200 მმ-ია.
– აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს საცხოვრებელი შენობაც იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
– რა თქმა უნდა. ჩვენ ვაკმაყოფილებთ არა მხოლოდ საქართველოში არსებულ, არამედ ევროპულ რეგულაციებსაც. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი ესტონურია, ბევრი სიკეთე გვაქვს გადმოღებული ამ ქვეყნისგან, ასევე, ლატვიისგან. ჩვენი სამშენებლო მასალებიც ევროპულია და პრემიუმ კლასის. მთელი ჩვენი ტერიტორია ადაპტირებულია ფეხით მოსიარულეთათვის, გვაქვს ველობილიკებიც. ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და იცხოვროს კომფორტულად. სწორედ ამიტომ, აპარტამენტებთან ერთად, კომერციული შენობის მშენებლობაც წამოვიწყეთ, სადაც განთავსდება სუპერმარკეტი, აფთიაქი, საცხობი, სილამაზის სალონი და ყველაფერი ის, რაც ჩვენს რეზიდენტებს ცხოვრებას გაუადვილებს და გაულამაზებს.
– ვინ არიან თქვენი რეზიდენტები და ამ ეტაპზე ვინ გამოთქვამს აპარტამენტების შეძენის სურვილს?
– ბაზარზე მეხუთე წელია, რაც ვართ წარმოდგენილები და 50% არიან ქართველები და 50% – უცხოელები. ისინი, ძირითადად, ექსპატები (სხვა ქვეყანაში საკუთარი ნებით მომუშავე ან დროებით მცხოვრები ადამიანები) არიან, ასევე, გოლფერები. ბოლო დროს ქართული ოჯახებიც გვიერთდებიან, რაც ძალიან გვახარებს. გვყავს ბევრი შერეული ოჯახი, სადაც მეუღლეებიდან ერთ-ერთი ქართველია. ერთი სიტყვით, „თბილისი ჰილსი“ ყველანაირი გაგებით საერთაშორისო პროექტია.
– როგორც ვიცით, აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. რა პირობებს სთავაზობთ მომხმარებელს?
– დიახ, უკვე დაიწყო წინასწარი გაყიდვა, რაც გულისხმობს მიმზიდველ ფასს. რა თქმა უნდა, გვაქვს შიდა განვადებაც. ჩვენი პრემიალურობიდან და ბინების რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვართ კლიენტზე ორიენტირებულები და მასზე მორგებულები. დაინტერესებულ პირებს ყოველი ბინის ფასის, ფართის, გეგმარების ნახვა ჩვენს ვებგვერდზე შეუძლია.
– მაია, აპარტამენტების პროექტი არ არის ერთადერთი სიახლე, რომელიც ამჟამად „თბილისი ჰილსს“ აქვთ. გოლფერების კლუბის, საქართველოში ყველაზე დიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და სკოლის პროექტებზეც მოგვიყევით.
– დიახ, გოლფერებისთვის ცალკე სივრცეს ვაშენებთ, რადგან სპორტის ამ სახეობით დღეს უკვე ბევრი ქართველია დაინტერესებული, უკვე ევროპის ჩემპიონატზეც ვმონაწილეობთ და სასიხარულოა, საქართველოც მოინიშნა გოლფის რუკაზე. უფრო მეტიც, ნომინირებულნიც კი ვართ ევროპის საუკეთესო გოლფის მოედნების კონკურსზე, რომელიც ნოემბერში პორტუგალიაში ჩატარდება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები.
რაც შეეხება სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს, უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთ-ერთი ღირებულება და მიმართულება ჯანსაღი ცხოვრებაა, ამიტომაცაა, რომ „თბილისი ჰილსის“ მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 10% იქნება განაშენიანებული (კერძო ვილებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის საშუალო ზომა 2800 კვ.მ-ია) და დანარჩენი რეკრეაციულ ზონად დარჩება. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციიდან გამომდინარე გაჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა საქართველოში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი, სადაც იქნება პრემიუმ კლასის სპა, დახურული და ღია საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, იოგის ოთახი, სატრენაჟორო დარბაზი და ა.შ.
და ბოლოს სკოლის პროექტის შესახებაც. როგორც უკვე აღვნიშნე, რეზიდენტების სურვილების გათვალისწინება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ მათი მოთხოვნა იყო, რომ ტერიტორიაზე ეფუნქციონირა საერთაშორისო სკოლას, რომელსაც ექნებოდა ქართულ-ინგლისური კლასები. ჩვენ უკვე ვაფორმებთ მემორანდუმს და სამწუხაროდ, ჯერ არ მაქვს მეტი დეტალის გამხელის უფლება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა საქართველოში, რომელიც „თბილისი ჰილსში“ იქნება წარმოდგენილი და აქ სწავლა არა მხოლოდ ჩვენ რეზიდენტებს შეეძლებათ.