,,ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ” უკვე მოიწონა ახალი ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა სიმპტომების გამოვლენამდე იქნება შესაძლებელი.
ტექნოლოგიურმა კომპანია BioIntelliSense-მა ინცოვაციური ხელსაწყო ,,ბიოღილაკი” “ელექტრონიკის სამომხმარებლო შოუზე” (CES) წარადგინა, რომელიც არსებული რეალობის გათვალისწინებით, ისტორიაში პირველად გაიმართა ონლაინ რეჟიმში.
შოუზე უამრავი ახალი ტექნოლოგიის პრეზენტაცია შედგა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც პანდემიით და ვირუსთან ბრძოლითაა შთაგონებული, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული სწორედ ,,ბიოღილაკი” იყო – მონეტის ზომის ხელსაწყო, რომელიც კანზე მაგრდება და ადამიანის სასიცოცხლო მაჩვენებლების მუდმივ მონიტორინგს ეწევა. მიღებულ მონაცემებს ხელსაწყო სპეციალურ აპლიკაციას უგზავნის, რომელიც შედეგებს აჯამებს და გამოთვლის ადამიანის კორონავირუსით ინფიცირების შესაძლებლობას მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების ცვლილებებიდან გამომდინარე იმის მიუხედავად, უკვე აქვს თუ არა ადამიანს სიმპტომები.
,,ბიოღილაკი” აკონტროლებს ადამიანის სუნთქვის რითმს, პულსაციას, სისხლში ჟანგბადის დონეს, ძილის ხანგრძლივობას და ფიზიკური აქტივობის მაჩვენებლებს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მისი არაერთი საინტერესო და საჭირო მახასიათებლისა, ,,ბიოღილაკს” ჯერჯერობით გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთისაგან გარჩევა არ შეუძლია.
აღნიშნული გამოგონების წყალობით, კომპანიას გამოფენაზე ,,საუკეთესო ინოვაციისათვის” დაწესებული პრესტიჟული ჯილდო გადაეცა.