კრისტინა მარია აგილერა (დაბადების თარიღი 1980 წლის 18 დეკემბერი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და ტელევარსკვლავია. მცირე ასაკში ის სატელევიზიო შოუებში Star Search და The Mickey Mouse Club გამოჩნდა. დისნეის ფილმისთვის „მულანი“ მან საუნდტრეკი Reflection ჩაწერა.
მომღერლის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა 1999 წელს გამოშვებული ალბომის წყალობით, რომელიც სინგლებით Genie in a Bottle, What a Girl Wants და Come On Over Baby (All I Want Is You) ჩარტების სათავეებში მოექცა. მომდევნო წელს აგილერამ ორი სტუდიური ალბომი გამოუშვა, ესპანურენოვანი Reflejo და My Kind of Christmas. მეოთხე ალბომში Stripped (2002) შევიდა ისეთი პოპულარული სიმღერები, როგორიცაა Dirrty, Beautiful, Fighter. აგილერას მეხუთე ალბომი Back to Basics (2006) ასეთივე წარმატებული აღმოჩნდა.
2010 წელს მომღერალმა მეექვსე სტუდიური ალბომი Bionic გამოუშვა და მონაწილეობა მიიღო ფილმში Burlesque. მომდევნო წელს კი ცნობილ კონკურსში The Voice ჟიურის წევრად მოგვევლინა.
კრისტინა აგილერას მეშვიდე ალბომი Lotus 2012 წელს გამოვიდა. მომღერალმა, რომელსაც „პოპ პრინცესასაც“ უწოდებენ, ხუთი „გრემი“ მიიღო და ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავიც აქვს.