კარლ ორფი (1895-1982წწ.) გერმანელი კომპოზიტორი იყო. მეოცე საუკუნის მუსიკის ისტორიაში მას უჩვეულო ადგილი უჭირავს, რადგან არ არის არც კლასიკური ტრადიციების და არც ავანგარდისტული ტენდენციების მატარებელი. თავდაპირველად გატაცებული იყო იმპრესიონიზმითა და ექსპრესიონიზმით, ის მუდმივად ძიებაში იყო, ატარებდა ესქპერიმენტებს და სწორედ ამისი წყალობით შეიქმნა ახალი ჟანრი – სცენური კანტატა.
ორფი მივიდა დასკვნამდე, რომ ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოები უნდა წარმოადგენდეს სპექტაკლს, ანუ მელოდიური ქსოვილი ვიზუალურ-თეატრალური ხერხებით უნდა გადმოიცეს. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპების კონცენტრირება მოხდა სცენურ კანტატაში”კარმინა ბურანა”.