დევიდ ბოუი (1947 წლის 8 იანვარი – 2016 წლის 10 იანვარი) ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი იყო. ცხოვრების პერიოდში გაყიდული ჩანაწერების რაოდენობით (140 მილიონამდე) ბოუი იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად. ბრიტანეთში მის ალბომებს ცხრა გზის პლატინის სერტიფიცირება მიენიჭათ, ისევე, როგორც ექვსი ოქრო და რვა ვერცხლი. მის მიერ გამოცემულ ალბომებს შორის ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში 11 მოხვდა. აშშ-ში ბოუის ჩანაწერების სერტიფიცირების სახით მიღებული აქვს ხუთი პლატინა და შვიდი ვერცხლი. 1996 წელს მუსიკოსი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
მუსიკოსის პროფესიონალური კარიერა მან 1963 წელს დაიწყო. 1969 წლის ივლისში გამოცემის შემდეგ „Space Oddity“ იქცა მისი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის საუკეთესო ხუთეულში პირველ წარმატებად. 1975 წელს აშშ-ში წარმატება მოიპოვა სინგლით „Fame“ და ალბომით Young Americans. 1990-იანებსა და 2000-იანებში დევიდი განაგრძობდა ექსპერიმენტებს სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებით, შეიტანა რა საკუთარ სიმღერებში ინდუსტრიული მუსიკის და ჯანგლის ელემენტები. 2004 წელს ბოუიმ შეწყვიტა საკონცერტო მოღვაწეობა, უკანასკნელად კი 2006 წელს, საქველმოქმედო საღამოზე გამოვიდა. 2013 წელს იგი დაბრუნდა ალბომით The Next Day. მუსიკალურად მუსიკოსი კვლავ აქტიური იყო, ხოლო საბოლოო ალბომი Blackstar (2016) გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე გამოუშვა.