ელტონ ჯონი (დაბადების თარიღი 25 მარტი, 1947) გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი ინგლისელი პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორია. 50 წლიანი კარიერის მანძილზე ჯონმა გაყიდა 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რამაც იგი აქცია ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად. სინგლი Candle in the Wind 1997 გაყიდულია 33 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით და წარმოადგენს მუსიკოსის ყველაზე გაყიდვად სინგლს ბრიტანეთის ჩარტების და ბილბორდის ცხელი ასეულის ისტორიაში. ელტონ ჯონის 50-ზე მეტი ჰიტი საუკეთესო 40-ეულში მოხვდა. მუსიკოსს მიღებული აქვს გრემის ექვსი ჯილდო, ბრიტანული მუსიკის 4 ჯილდო, ოსკარი, ოქროს გლობუსი, ტონის ჯილდო და კენედის ცენტრის ჯილდო (2004). 2004 წელს ჟურნალ Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში მან 49-ე პოზიცია დაიკავა. 1996 წელს მას დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ მუსიკაში და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის და რაინდის წოდება. ელტონ ჯონი 1980-იანი წლების ბოლოდან აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლაში. 1992 წელს მან დააარსა „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდი“.