ჯორჯ ჰარისონი (25 თებერვალი, 1943 — 29 ნოემბერი, 2001) — ინგლისელი მუსიკოსი, მულტიინსტრუმენტალისტი, მომღერალი და სიმღერების ავტორი იყო, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა, როგორც ჯგუფ The Beatles-ის წამყვანმა გიტარისტმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სიმღერების ძირითადი ავტორები იყვნენ ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, 1965 წლიდან The Beatles-ის ალბომების უმეტესობაში შეტანილი იყო ჰარისონის სულ მცირე, ორი საავტორო კომპოზიცია. მის მიერ ჯგუფისთვის დაიწერა “Taxman”, “Within You Without You”, “While My Guitar Gently Weeps”, “Here Comes the Sun” და “Something”, აქედან უკანასკნელი იქცა The Beatles-ის შემოქმედებიდან სხვა შემსრულებლების მიერ რიგით მეორე ყველაზე ხშირად შესრულებულ სიმღერად.
1965 წლისთის ჰარისონმა The Beatles-ის მუსიკა წაიყვანა უფრო მეტად ფოლკ-როკის მიმართულებით. ჯორჯი დაინტერესებული იყო ჰარე კრიშნას მოძრაობით და იქცა ინდოეთის კულტურის და მისტიციზმის მოყვარულად.
1970 წელს, ჯგუფის დაშლის შემდეგ, ჰარისონმა გამოსცა სამმაგი ალბომი All Things Must Pass, კრიტიკოსების მიერ აღიარებული ნაშრომი, მისი ყველაზე წარმატებული ჰიტ-სინგლით “My Sweet Lord”.
როგორც სოლო შემსრულებელმა, ჰარისონმა გამოსცა რამდენიმე გაყიდვადი სინგლი და ალბომი. 1988 წელს მან, სხვა მუსიკოსებსთან ერთად, დააარსა სუპერჯგუფი Traveling Wilburys.
მუსიკოსი 2001 წელს, 58 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ჩატარდა მისი კრემაციის ცერემონია. მისი ფერფლი გაფანტეს ინდოეთში, მდინარეებზე, განგზე და იამუნაზე, ინდუიზმის ტრადიციის შესაბამისად.