ჯონ უინსტონ ონო ლენონი ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი იყო.
იგი ცნობილი გახდა, როგორც The Beatles-ის, მუსიკაში ყველა დროის წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ჯგუფის წევრი. The Beatles-ის წევრ პოლ მაკ-კარტნისთან ერთად მისი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება წარმოადგენს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლობას.
ჯონი მოზარდობისას მონაწილეობდა სკიფლის მოძრაობაში. მისი პირველი ჯგუფი, The Quarrymen იყო The Beatles-ის წინამორბედი. მას შემდეგ, რაც The Beatles 1970 წელს დაიშალა, ლენონი სოლო კარიერით დაკავდა და გამოსცა კრიტიკოსების მიერ აღიარებული სხვადასხვა ალბომი, როგორიც არის John Lennon/Plastic Ono Band და Imagine. აგრეთვე აღსანიშნავია სიმღერები Give Peace a Chance და Imagine. მუსიკალურ ბიზნესს ჯონი 1975 წელს ჩამოშორდა და ძირითადად, ოჯახით იყო დაკავებული. თუმცა, 1980 წელს გამოიცა მისი ახალი დისკი Double Fantasy. ეს მოხდა მის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ.
2010 წლისათვის ლენონის მიერ აშშ-ში გაყიდული დისკების რაოდენობა 14 მილიონ ერთეულს აღემატება. როგორც ავტორს, თანაავტორს ან შემსრულებელს მას ეკუთვნის ბილბორდის 100-ეულის #1 პოზიციაზე მოხვედრილი 25 სინგლი. 2002 წელს BBC-მ ჩაატარა გამოკითხვა „100 უდიდესი ბრიტანელი“, სადაც ჯონი მერვე ადგილზე დასახელდა. გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს იგი შეყვანილი იქნა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში, ხოლო 1994 წელს – როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.