მადონა ლუიზა ჩიკონე უამრავი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობია. „პოპის დედოფლად“ წოდებული შემსრულებელი ცნობილია საკუთარი სკანდალური სიმღერებითა და წარმოდგენებით, სადაც სხვა თემებთან ერთად რელიგიურ, პოლიტიკურ, თუ – სექსუალურ თემატიკას იყენებს. მადონა 1958 წლის 16 აგვისტოს მიჩიგანში დაიბადა. 1977 წელს საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და სცადა, კარიერა თანამედროვე ცეკვებით დაეწყო. მადონა მიმტანად მუშაობდა „დანკინ დონატში“, დადიოდა ცეკვის გაკვეთილებზე. „მაშინ პირველად ჩავჯექი თვითმფრინავში, პირველად გავაჩერე ტაქსი… ჯიბეში მხოლოდ 35 დოლარი მქონდა. ეს იყო ყველაზე თამამი გადაწყვეტილება, რაც ოდესმე მიმიღია,“ – განაცხადა მოგვიანებით მადონამ ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლის შესახებ საუბრისას.
1982 წელს მან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერა სტუდიასთან Sire Records, მომდევნო წელს კი გამოუშვა პირველი ალბომი სახელწოდებით „მადონა“. პირველ ნამუშევარს რამდენიმე წარმატებული მუსიკალური ალბომი მოჰყვა, რომლებმაც პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა. მათ შორის იყო Like a Virgin (1984), True Blue (1986), Ray of Light (1998), Confessions on a Dance Floor (2005). მადონას მიერ შესრულებული სიმღერების უმეტესობა თავისივე შექმნილია, მათი დიდი ნაწილი ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა (Like a Virgin, Papa Don’t Preach, Like a Prayer, Vogue, Take a Bow, Frozen, Music, Hung Up, 4 Minutes). მომღერალმა მსოფლიო მასშტაბით 300 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და ის ყველა დროის საუკეთესოდ გაყიდვადი ჩანაწერების მქონე შემსრულებლად დაასახელეს.მადონამ 1990 წლიდან დღემდე კონცერტებზე გაყიდული ბილეთებით $1.31 მილიარდი გამოიმუშავა. „როლინგ სტოუნმა“ მადონა ყველა დროის 100 საუკეთესო სიმღერების ავტორს შორის დაასახელა.