ფრედერიკ შოპენი (22 თებერვალი 1810 წელი – 5 ოქტომბერი 1849), პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი იყო. ის დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში.
შოპენი პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელია. მისი მუსიკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, სხვადასხვა ხასიათის დახვეწილად გადმოცემა; მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ–ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით. მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი: ააღორძინა რომანტიზმზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა ცეკვებში – მაზურკა, პოლონეზი, ვალსი; სკერცო გარდასახა დამოუკიდებელ ნაწარმოებად; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია: 2 კონცერტი (1829, 1830), 3 სონატა (1828-1844), ფანტაზია (1841), 4 ბალადა (1835-1842), 4 სკერცო (1832–1842), ექსპრომტები, ნოკტიურნები, ეტიუდები და სხვა ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის.