LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bionova – მოწყობილობა, რომელიც ბიომასას ბიოენერგიად გარდაქმნის

607
Bionova

ცოტა ხნის წინ Impact Hub Tbilisi-ს საერთაშორისო პროგრამის Social Impact Award-ისა და  შიდა ქართლში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ალბათ, პროექტის გამორჩეულობაზე მიანიშნებს ის, რომ Bionova ჟიურიმ ორივე კონკურსში გამოარჩია.

Bionova ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული სტარტაპია, რომლის მიზანია შექმანს მოწყობილობა, რომელიც ბიომასას ბიოენერგიად გარდაქმნის.

ნანუკა ხატიაშვილი, ელექტროინჟინერი, Bionova-ს ერთ-ერთი წევრი:

– ცირკულარულ ეკონომიკასა და ბიომასის ენერგიების მაქსიმალურად გამოყენებაზე გუნდის წევრები პირველად მაშინ დავფიქრდით, როცა ერთმანეთი გასული წლის დეკემბერში მწვანე ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ ბანაკში გავიცანით.

Bionova-ს იდეა – გვემუშავა მოწყობილობაზე, რომელიც ბიომასას ბიოგაზად და ელექტროენერგიად გარდაქმნის, ჩვენი გუნდის წევრს ნიკოლოზ გონგლიაშვილს ეკუთვნის.

მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი რაოდენობით ბიომასა ფერმებში რჩება, შესაბამისად, ჩვენი მოწყობილობა სწორედ ფერმერებისთვის იქნება გამოსადეგი. თუმცა, ვინაიდან საქართველოში ადამიანებს განახლებადი რესურსების შესახებ არც ისე მკაფიო წარმოდგენა აქვთ, ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპისა და მისი სიკეთეების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ვგეგმავთ.

მოწყობილობის მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის ჩვენი ვებ დეველოპერი ნიკოლოზ ჩიხლაძე მუშაობს მობილურ აპლიკაციაზე, რომლის დახმარებითაც ფერმერს შეეძლება აკონტროლოს მოწყობილობის პარამეტრები, მიიღოს ინფორმაცია, თუ რამდენი ელექტროენერგია და გაზი გამომუშავდა და ა.შ., რაც უსაფრთხოების გარანტიას კიდევ უფრო გაზრდის.

ვფიქრობთ, პროდუქტი საქართველოს ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდება. სამომავლოდ მის სხვა ქვეყნებში გატანასაც ვაპირებთ. 

– რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით პროექტზე მუშაობის დროს?

– თავდაპირველი სირთულე სფეროს ექსპერტების მოძიება და  მათთან თანამშრომლობა იყო, რათა პროდუქტი მაქსიმალურად დახვეწილიყო. დღეს ჩვენ 40 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ბიომეცნიერებთან და ელექტროინჟინრებთან ვურთიერთობთ (სწორედ ჩემი, როგორც ელექტროინჟინრის მოვალეობაა გამოცდილ ექსპერტებთან/მეცნიერებთან ერთად ჩართული ვიყო ტექნიკური მიმართულებით სამუშაოებში), ისინი პროდუქტის შექმნასა და ტესტირებაში აქტიურად მონაწილეობენ.

– პირველი ხელშესახები წარმატება პროექტზე მუშაობისას.

– ეს იყო პირველი ადგილი კავკასიის უნივერსიტეტის Unicorn-ის პრეაქსელერაციის დემო დღეზე, Bionova-მ 5000 ლარის ოდენობის გრანტი და „ქლევერტონისგან“ საიმიჯო ვიდეოგადაღების სრული დაფინანსება მოიპოვა.

– რა გჭირდებათ დასახული მიზნების განსახორციელებლად?

– უპირველესად, კაპიტალის მოზიდვა, რათა შევძლოთ პროდუქტის სრულყოფილი MVP-ის აწყობა და აქტიური გატესტვა. ამ ეტაპზე ჩვენთვის ხელშემწყობია ის თანხა, რაც გამარჯვებების შედეგად დავაგროვეთ, თუმცა ეკომიმართულებით ინვესტორების ჩართვა და საწყისი კაპიტალის გაზრდაა საჭირო, რათა პროდუქტი ფერმერებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტური გავხადოთ.

კონკურსებში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გავამახვილოთ ყურადღება.

– ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა კონკურსში გავიმარჯვეთ, სადაც კი მონაწილეობა მივიღეთ. ეს სასიხარულოსთან ერთად, მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის, რადგან პროექტის დახვეწაში დიდი დროითი რესურსი ჩავდეთ. Social impact award-ის გამარჯვებულად დასახელების შემდეგ ბიზნეს იდეის განსახორციელებლად დამატებითი კაპიტალი – 1500$ მივიღეთ და მიმდინარე წლის ნოემბერში გერმანიაში საერთაშორისო სამიტს დავესწრებით საინტერესო და საჭირო ადამიანების გაცნობის იმედით. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სტარტაპი ჩართულია პოლონეთის აქსელერაციის პროგრამაშიც, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უჭერს მხრას და, ასევე ნოემბერში, პოლონეთში გავივლით bootcamps და დემო დღეს, რაც პოლონელ ინვესტორებთან გასაუბრების შესაძლებლობას მოგვცემს.

magti 5g