ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 11 თვის მონაცემი გადაჭარბებითაა შესრულებული.
მისი ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის ნაერთი ბიუჯეტის 11 თვის საგადასახადო შემოსავლებმა 7 მილიარდ 860 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 686 მლნ ლარით (9,6%-ით) აღემატება.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საგადასახადო შემოსავლების წლიური გეგმიური მაჩვენებელი 2015 წლის ფაქტიურ პარამეტრთან მიმართებაში 674 მლნ ლარის მეტობით არის დაგეგმილი, შესაბამისად, უკვე 11 თვის მონაცემებით ეს პარამეტრი გადაჭარბებულია.
გარდა ამისა, ცოტნე ყავლაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში ხაზინაში 10,5 პროცენტით მეტი საგადასახადო შემოსავალი შევიდა 2015 წლის ნოემბერთან შედარებით. ამ მაჩვენებელმა, 716 მლნ ლარი შეადგინა, 68 მლნ ლარით მეტი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან მიმართებაში.