LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივი ხარჯვა – აუდიტის ანგარიშმა ლანჩხუთის მერიაში დარღვევები აღმოაჩინა

129
lanchkhuti-lanchkhuti

ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივი ხარჯვა. ლანჩხუთის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების საქმიანობაში, გასულ წელში დარღვევები ფიქსირდება.

დოკუმენტი 2019-2020 წლებს მოიცავს, აუდიტის მიგნებების მიხედვით დარღვევებია საკადრო პოლიტიკაში, შესყიდვებში და შრომით ხელშეკრულებებში.

როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, 2019 წელს დაწესებულების მიერ გახორციელებული რეორგანიზაცია არაეფექტური იყო – გაიზარდა საშტატო ერთეული და საბიუჯეტო სახსრები.

აუდიტისვე განმარტებით, 2019 წელს ორგანიზაციის დირექტორის მიერ გახორციელებული საკადრო პოლიტიკა სამართლებრივად შეუსაბამო იყო.

ამის მთავარ არგუმენტად აუდიტს სასამართლო და სააპელაციო ინსტანციების დასკვნები მოაქვს:

“სასამართლო და სააპელაციო ინსტანციებში ბათილად იქნა ცნობილი კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის 2019 წლის 31 იანვრისა და 18 ივნისის ბრძანებები, რამაც ნეგატიური ასახვა ჰპოვა, როგორც ორგანიზაციის იმიჯზე, ასევე, ბიუჯეტზე, რადგანაც ორივე მოსარჩელეს განაცდური ხელფასის ანაზღაურების გარდა (რამაც ჯამურად 13 660 ლარი შეადგინა), ორგანიზაციას სამართლებრივად შეუსაბამო ქმედებათა გამო, ასევე, მოუწია გაუთვალისწინებელი და მაშასადამე, არამიზნობრივი ხარჯის გაღება 5824 ლარი”.

მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში დარღვევებია გამოვლენილი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების კუთხითაც.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბრძანების საფუძველზე ორგანიზაციამ საადვოკატო მომსახურების მიზნით, 1920 ლარზე, ადვოკატ კონსტანტინე გელაშვილთან, 2019 წლის 19 მარტიდან სასამართლო პროცესის დასრულების ვადით გააფორმა შრომითი ხელშეკრულება, რაც, აუდიტის დასკვნით, კანონდარღვევას წარმოადგენს.

“აღნიშნული სახის მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესყიდვის საგანს და შესაბამისად, ასეთი სახის მომსახურების მიღება უნდა გახორციელებულიყო ზემოთ ნახსენები კანონით გათვალისწინებული პირობებით”, – წერია დასკვნაში.

მერიის შიდა აუდიტი აქცენტს აკეთებს ორგანიზაციის მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც და საამისოდ არაერთი მაგალითი მოჰყავს.

ირკვევა, რომ ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 12 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულებით მხატრულ-შემოქმედებითი სამსახურის გამნათებლად დაასაქმეს რევაზ ლორთქიფანიძე, რომლის სამუშაო დროც, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, 10-დან 18 საათამდე განისაზღვრა.

აუდიტის დასკვნაში კი ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პიროვნება, ამავდროულად, ბათუმის სახელმწიფო თეატრში იყო და არის დასაქმებული გამნათებლის სრულ საშტატო განაკვეთზე. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნულ პოზიციაზე ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში უკვე სამი პირი იყო დასაქმებული.

გარდა ამისა, წარმოდგენილ დასკვნაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ მიზანშეუწონლად, მხოლოდ პირადი განცხადებების საფუძველზე 2020-21 წლებში შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მუდმივმოქმედ რვა თანამშრომელს და ხელფასის სახით, ჯამურად, 14 970 ლარი გადაუხადა.

გარდა ამისა, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის 31 აგვისტოს, ბრძანების საფუძველზე, ორგანიზაციამ შრომითი ხელშეკრულება გააფორმა მსახიობებთან, რომლებზეც ხელფასის სახით, ჯამურად, 3375 ლარი გაიცა.

“ვინაიდან ორგანიზაციას 2020 წლის 17 აგვისტოს შემდეგ არანაირი ღონისძიება არ ჩაუტარებია, ზემოთ ნახსენები თანხა დახარჯულია არამიზნობრივად” – აღნიშნულია დასკვნაში.

მერიის აუდიტის დასკვნაშია ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ 2019 წლის იანვრიდან უვადო შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებს: ორგანიზაციის დირექტორს, დირექტორის მოადგილეს, სამხატვრო ხელმძღვანელსა და ხმის რეჟისორს, რომლებიც, ამავდროულად, ბათუმის სახელმწიფო თეატრის მუდმივმოქმედი თანამშრომლებიც იყვნენ.

დარღვევებია გამოვლენილი თანამშრომლებზე თანხების ერთჯერადად ჩარიცხვის დოკუმენტებშიც. მაგალითისთვის, კულტურის ცენტრის დარაჯს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, მხოლოდ ორგანიზაციის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის იანვარში სათბობი შეშის დაპობა-დასაწყობებისთვის ჩაერიცხა 75 ლარი, რასთან დაკავშირებითაც დოკუმენტურად არ არის აღნიშნული რამდენი კუბური მეტრი შეშა იქნა დაპობილი და დასაწყობებული.

აუდიტის ანგარიშში, ასევე, წერია, რომ 2019 წლის დეკემბერში, ბრძანების საფუძველზე, სახელფასო ეკონომიის ხარჯზე, საახალწლო-სადღესასწაულო დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრის შტატით მომუშავე 21 თანამშრომელზე გაიცა სახელფასო დანამატი, ჯამში, 2 700 ლარი, ხოლო შტატგარეშე შვიდ თანამშრომელზე _ ჯამში, 1 200 ლარის ოდენობით.

როგორც წარმოდგენილ ანგარიშში წერია, აუდიტმა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში ინვენტარის შემოწმებისას 5 566,72 ლარის დანაკლისი გამოვლინდა.

მერიის აუდიტის დასკვნითვე წარმოდგენილ საანგარიშო პერიოდში, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში მივლინებების დროს ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ და გადაჭარბებულ ხარჯვასაც ჰქონდა ადგილი.

“ორგანიზაციის დირექტორი 10 იანვრიდან 20 იანვრამდე მივლინებული იქნა უკრაინაში. მივლინების ბარათში არ არის დაფიქსირებული ლანჩხუთიდან გასვლის და ლანჩხუთში გამოცხადების თარიღები. ასევე, არც ბრძანებაში და არც მის საფუძველზე შედგენილ სამივლინებო ბარათში არ არის მივლინების დღეთა რაოდენობა აღნიშნული. მივლინების თანხამ მხოლოდ ერთ პიროვნებაზე შეადგინა 4347,74 ლარი, რაც საკმაოდ სოლიდურია ორგანიზაციის ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვასთან მიმართებაში”,  – ასკვნის აუდიტის სამსახური.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ხშირ შემთხვევაში, გაწეულ მომსახურებაზე არ არის ანგარიშფაქტურა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში. ასევე, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას არ არის მითითებული რის საფუძველზე გახორციელდა ის და ვის გაეწია მომსახურება.

“2019 წლის 17 მაისს 300 ლარზე ი/მ “გრიგოლ ჯაფარიძესთან გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. აღნიშნულ მომსახურებაზე არ არის ანგარიშფაქტურა (ზედნადები/ინვოისი) ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში. არ არის ბრძანება დაწერილი, თუ რის საფუძველზე გახორციელდა წარმომადგენლობითი ხარჯი და ვის გაეწია მომსახურება”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით ტრანსპორტის მომსახურებას არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია. რიგ შეთხვევებში, შესაბამისი დოკუმენტაციები არ არის ატვირთული ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში, რაც შესყიდვების შესახებ კანონის დარღვევაა, სხვა რომ არაფერი.

მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნის შესაბამისად, ხელშეკრულებების გაფორმებისას ადგილი ჰქონდა ასევე ინტერესთა კონფლიქტის არსებობას და არა ერთ შემთხვევაში, ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებას საკუთარ თანამშრომელთან აფორმებდა.

აღნიშნული დოკუმენტი ლანჩხუთის საკრებულოშ პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” წევრებმა ფრაქცია “ლანჩხუთი – საქართველოსთვის” სხდომაზე განიხილეს. მათი განცხადებით, რამდენადაც დოკუმენტი საკმაოდ რეზონანსულია და საუბარი სერიოზულ ფინანსურ გადაცდომებს ეხება, აუცილებლად უნდა გახდეს ფართო მსჯელობის საგანი.

 

magti 5g