ტექნოპარკი იწყებს ტექნოლოგიური სტარტაპების შერჩევას ბიზნეს ინკუბატორში განსათავსებლად. ტექნოპარკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის იდეების მქონე გუნდებს კომპანიებად ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება.
”ტექნოპარკი ეძებს გუნდებს, რომლებსაც გააჩნიათ იდეა, ამ იდეის კომერციულ პროექტად განვითარების და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის სურვილი. შერჩეული სტარტაპები განთავსდებიან ტექნოპარკის ბიზნეს ინკუბატორში. ინკუბატორის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური და ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, რათა მოხდეს მათი სტაბილურად განვითარებად კომპანიად ჩამოსაყალიბება. ამისათვის ტექნოპარკი მათ მომსახურების სრულ ციკლს შესთავაზებს”, – ნათქვამია ტექნოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტარტაპი ტექნოპარკში განთავსების შემდეგ მიიღებს სხვადასხვა ტიპის სერვისებს, რომელთა საერთო ღირებულება ერთ ადამიანზე 5,000 ლარს აღწევს. ტექნოპარკში სტარტაპი განთავსდება შემდეგი პირობების დაცვით:
1. სტარტაპი ტექნოპარკში განთავსდება 1 წლის ვადით;
2. ინკუბატორის საორგანიზაციო ჯგუფი მუდმივი და ინტენსიური, ყოველკვირეული მონიტორინგის საფუძველზე მოახდენს სტარტაპების საქმიანობის შეფასებას;
3. სტარტაპები ყოველკვირეულად წარადგენენ წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მიღწეულ შედეგებს:
4. სტარტაპი ემორჩილება ტექნოპარკისა და ბიზნეს ინკუბატორის ყველა წესს;
5. სტარტაპის ტექნოპარკის ბიზნეს ინკუბატორში საქმიანობა იგეგმება კვარტლური გეგმის შესაბამისად. სტარტაპმა, ყოველი კვარტლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს შესაბამისი შედეგი:
I კვარტალი – იდეის პროტოტიპი და ბიზნეს მოდელი
II კვარტალი – ბიზნეს გეგმა და იურიდიული ფორმა
III კვარტალი – შემოსავალი ან დაფინანსება
IV კვარტალი – სტაბილურად განვითარებადი კომპანია
6. სტარტაპის მიერ გეგმის ყოველკვირეული და კვარტლური გეგმების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა შეწყდეს ინკუბატორის პროგრამაში მონაწილეობა.
7. სტარტაპი ყოველთვიურად იხდის ტექნოპარკის სერვისების საფასურს შემდეგი პირობებით:
I კვარტალი – სრულად დაფინანსებულია პროგრამის მიერ
II კვარტალი – ყოველთვიურად 50 ლარი/თანამშრომელი
III კვარტალი – ყოველთვიურად 100 ლარი/თანამშრომელი
IV კვარტალი – ყოველთვიურად 200 ლარი/თანამშრომელი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი. მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრებების საფუძველზე 18-დან 29 აპრილის ჩათვლით. შერჩეული გუნდები კი ტექნოპარკში განთავსდებიან არაუგვიანეს 2016 წლის 1 მაისიდან.
ინკუბატორის პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველთათვის საინფორმაციო შეხვედრა 31 მარტს, 19:00 საათზე ტექნოპარკის საკონფერნეციო დარბაზში გაიმართება.