LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებები ბიზნესის პროგრესის მდგრადობისა და მუდმივობისთვის

878
მაგდა ელისაშვილი

გრანთ თორნთონი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. „გრანთ თორნთონის“ გუნდის წევრები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისთვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და მათ პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარონ. „გრანთ თორნთონის“ 73 000-მდე თანამშრომელი 150-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული მომხმარებლების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

მაგდა ელისაშვილი, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელის „გრანთ თორნთონის“ ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების დეპარტამენტის დირექტორი:

ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების (BPS) მიმართულება „გრანთ თორნთონის“ გლობალური ქსელის მიერ შეიქმნა და თავიდანვე განსაზღვრული იყო იმ მთავარი ღირებულებისთვის, რომ ბიზნესს ჰქონოდა უფრო მეტი შესაძლებლობა გაფართოებისთვის და ზრდისთვის. საქართველოში ამ მიმართულების გააქტიურება 2016 წლიდან დავიწყეთ, დღეს კი ქართულ ბიზნესს პროცესების უკეთ დაგეგმარებას ვთავაზობთ. ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების სერვისში ძირითადად ეჯაილ მიდგომას ვიყენებთ, ამიტომაც პროექტის მართვა განსხვავებულია და ბუღალტრული აღრიცხვაც განსხვავებული მიდგომებით იწარმოება. ასევე გვაქვს კორპორაციული რეპორტინგი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, სახელფასო მენეჯმენტი, ე.წ. Payroll სერვისი, მენეჯერული აღრიცხვა, საბუღალტრო ჩანაწერების აღდგენა და ბიზნეს პროცესების დიაგნოსტიკა და სხვა კორპორაციული სამდივნო მომსახურებები.

– ეს მიდგომა ინდივიდუალურია, კონკრეტული კომპანიისთვის განკუთვნილი, თუ ის გამოცდილებაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არის აპრობირებული?

– რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო გამოცდილებას სისტემების კუთხით, მაგრამ სერვისი, რომელსაც თითოეულ მომხმარებელს ვაწვდით, არის უშუალოდ მასზე მორგებული, პერსონიფიცირებული. ეჯაილ მიდგომა ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ჩვენ პროცესშივე ვიკვლევთ ყველა არსებულ ხარვეზს, ნაკლოვანებას და მის გამოსწორებას ყოველთვიურ რეჟიმში ვცდილობთ. პროექტის მართვის სტრუქტურა ზოგადად რომ განვმარტო, უპირველესად, ვიწყებთ დაგეგმვის ეტაპით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო ნაწილია მთლიან პროცესში, ვსწავლობთ იმ ბიზნეს პროცესებს, რაც აქვს კომპანიას, ვცდილობთ, კომპანიის ყველა დეპარტამენტთან გვქონდეს ურთიერთკავშირი, რადგან ჩვენთვის მთავარია მონაცემის დამუშავება და ეს ინფორმაცია ბიზნესის ყველა დეპარტამენტის მიერ იქმნება. ამ პროცესების კვლევის შედეგად ყალიბდება გუნდი, რომელიც შედგება დარგის სპეციალისტებისგან, კონკრეტული სექტორული ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირებისგან, შესაბამისად, მათ შეუძლიათ, სწრაფად ადაპტირდნენ, საკანონმდებლო თუ ინდუსტრიულ ცვლილებებთან. შემდგომი ეტაპი არის შესრულების ეტაპი, სადაც მუშავდება და აღირიცხება მონაცემები. აქ ვიყენებთ ჩვენს უნიკალურ პლატფორმას – ვირტუალურ ოფისს, სადაც უშუალოდ ხდება დოკუმენტების გაზიარება, მიმოცვლა, საქმიანობების მართვა და რომლის მეშვეობითაც კომპანიის წარმომადგენლებს რეალურ დროში წარვუდგენთ ფინანსურ ინფორმაციას, რათა გადაწყვეტილება მიიღონ სწორ დროს და წარმატება იყოს მდგრადი.

– ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მოდით დავაზუსტოთ, რა განსხვავებაა ამ მიდგომასა და ტრადიციულ ბუღალტერიას შორის?

– ტრადიციული ბუღალტერია, რა თქმა უნდა, ფინანსური სიჯანსაღის მთავარი ფუნდამენტია, თუმცა არ არის საკმარისი ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის, მით უფრო ისეთი სექტორებისთვის, როგორებიცაა საერთაშორისო გადაზიდვები, ჰორეკა სექტორი, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი, საინფორმაციო ტექნოლოგიები. ანუ მათთვის პროცესები უფრო მეტად კომპლექსურია და საჭიროებს უფრო ფართო ხედვას და მონიტორინგს და ანალიზს იმ ფინანსური შედეგების, რაც საჭიროა დროული და ეფექტური გადაწყვეტილებებისთვის. ბუღალტრული აღრიცხვა უფრო წარსული მონაცემების აღრიცხვაზეა ორიენტირებული, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან ვიყოთ აწმყოში, ანუ ის გადაწყვეტილებებს იღებს ყოველდღიურად, შესაბამისად, ჩვენი გუნდი და გამოცდილი სპეციალისტები მათ ეხმარებიან, რომ გადაწყვეტილება ისე იყოს მიღებული, რომ სამომავლოდ პროგნოზიც შესაძლებელი იყოს და შეცდომების მაქსიმალური პრევენციაც მოხდეს.

– საინტერესოა, „გრანთ თორნთონის“ მიდგომამ ყველაზე ეფექტურად რომელ ქვეყანაში იმუშავა და საქართველოში როგორ გაზიარდა ეს გლობალური გამოცდილება?

– გლობალური ქსელი ყოველთვის გვიზიარებს ყოველკვარტალურ შეჯამებას, თუნდაც სერვისის კუთხით რა არის გაუმჯობესებული. ჩვენც მოდელად ვიყენებთ ყოველ წარმატებულ ნაბიჯს. ამ მხრივ შემიძლია დავასახელო „გრანთ თორნთონ ირლანდია“ – აღნიშნულ ქვეყანაში ბიზნესმა განვითარების ტრანსფორმაციის ეტაპი გაიარა, ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ზუსტად იმ სერვისების გაუმჯობესება, რასაც „გრანთ თორნთონი“ სთავაზობდა. ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების თუ გლობალური ქსელის წარმომადგენლების გამოცდილებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების კუთხითაც. მოგეხსენებათ, ზოგადად ევროპული და ამერიკული ბაზარი ბევრად წინ არის ტექნოლოგიების კუთხით, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია დავიკვეხნოთ საქართველოში, თუმცა როცა ვირტუალური ოფისი, რომელიც ორი წლის წინ შევქმენით, გლობალური ქსელის წევრებს გავაცანით, მათი აღფრთოვანება გამოვიწვიეთ. აზრების და იდეების გაზიარება გვეხმარება, რომ სერვისი უფრო მეტად მოვარგოთ იმ ბაზარს, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. „გრანთ თორნთონ საქართველო“ ითვალისწინებს ქართული ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის იმათაც, რასაც თუნდაც ევროინტეგრაციის პროცესი მოიტანს და მნიშვნელოვანი იქნება იმ სტანდარტებთან შესაბამისობა, რაც დაგვემატება. ბიზნესი, რომელიც გაფართოებას, საერთაშორისო ბაზარზე გასვლას აპირებს, მისთვის კონკურენცია უფრო გაზრდილია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჰარმონიაში იყოს როგორც ქართულ კანონმდებლობასთან, ასევე იმ ქვეყნის, სადაც საკუთარ პროდუქციას, თუ სერვისს გაიტანს. ამაში ჩვენ დავეხმარებით, იმიტომ, რომ უკვე გლობალური მხარდამჭერები გვყავს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ჩაერთონ მომსახურების მიწოდების პროცესში და გავცვალოთ იდეები გლობალურად, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლისთვის ერთი კონტრაქტის ფარგლებში ქმნის წვდომას მთლიანად „გრანთ თორნთონის“ ქსელთან.

– რა დრო შეიძლება დასჭირდეს ჰარმონიზაციის პროცესს?

– რთული სათქმელია, თუმცა იდეალურ შემთხვევაში სამი წლის თავზე შეგვეძლება შევაჯამოთ მნიშვნელოვანი შედეგები. შეგვიძლია გავიხსენოთ ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება, რაც სავალდებულო გახდა გარკვეული კატეგორიებისთვის, შესაბამისად, ბიზნესი უკვე მზად არის, რომ შემდგომ ცვლილებებთანაც უფრო მარტივად ადაპტირდეს, თუმცა დღეს ადაპტაციაც აღარ არის საკმარისი, დღეს უკვე პროცესების დიზაინი-გადახედვა თვითონ კომპანიამ უნდა მოახდინოს, რათა იყოს ლიდერი თავის ბაზარზე და არა ფოლოუერი, ამიტომაც მნიშვნელოვანი იქნება სანდო პარტნიორთან თანამშრომლობა. 

–  რა როლს ასრულებენ ტექნოლოგიები ინოვაციური სერვისების მიწოდების პროცესში?

– უპირველესად, ეს არის დროის დაზოგვის ფაქტორი, თუმცა თუ ბუღალტრულ პროცესებს ვეხებით, ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი იყო, რაც მანუალურ ძალისხმევას საჭიროებდა წლების წინ, ახლა კი რობოტიზაციის და ავტომატიზაციის ტექნოლოგიებს ვიყენებთ დოკუმენტების უფრო სწრაფად დამუშავებისა და ინფორმაციის უფრო სწრაფად თავმოყრისთვის. ასევე, ინფორმაციის ვიზუალურად წარდგენა უფრო მოსახერხებელი და გამართულია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ჩვენ ვიყენებთ უშუალოდ ტაბლოს, რომელიც ჩაშენებულია ჩვენს ვირტუალურ ოფისში, შესაბამისად, როდესაც კომპანიის მმართველი რგოლი ამ მონაცემებს ხედავს, გადაწყვეტილების მიღება უმარტივდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო არ ვტოვებთ იმ რიცხვებთან, რასაც ისინი ხედავენ, ჩვენი კონსულტანტები მათ ფინანსური შედეგების გაანალიზებაში ეხმარებიან და ყოველთვიურად ვაჯამებთ იმ ძირითად მიგნებებს, რაც გვაქვს და განვიხილავთ იმ საკვანძო საკითხებს, რაც გასაუმჯობესებელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის პროგრესი იყოს მდგრადი და მუდმივი.   

– იმ დროის განმავლობაში, რაც „გრანთ თორნთონი“ საქართველოში ოპერირებს, რა ტიპის კომპანიებთან თანამშრომლობთ და რა უშლის ხელს თქვენი სერვისების უფრო მეტ ცნობადობას ქვეყნის მასშტაბით?

– სექტორი, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, არის მსხვილი, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც მნიშვნელოვნები ვართ, რადგან წარმატებისთვის პროცესების სწორი ფურცლიდან დაწყება გადამწყვეტია. გამოვყოფდი საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომელიც მზარდი სექტორია და მასშტაბი საკმაოდ დიდი აქვს თანამშრომლების კუთხითაც. გარდა ამისა, საგადასახადო კუთხით სარგებლობენ შეღავათებით, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად აკონტროლონ საკუთარი პროცესები და მონიტორინგი გასწიონ რისკების თავიდან ასარიდებლად. გამოვყოფდი საერთაშორისო გადაზიდვების სექტორსაც, რომელიც ასევე საკმაოდ მზარდია და მისი ჩვენთან მომართვიანობა იზრდება, იმიტომ, რომ აღნიშნული სფეროს კომპანიების პროცესიც კომპლექსურია, ჰყავთ ბევრი ჩართული მხარე, შესაბამისად, პროცესების მართვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჰორეკა სექტორისა და ექსპორტიორი კომპანიებისთვის კი უფრო მეტად მნიშვნელოვანია იცნობდნენ როგორც საგადასახადო, ასევე ინდუსტრიულ გამოწვევებს, რაც გლობალურად არის გავრცელებული და არა მარტო საქართველოში. 

ზოგადად, მომართვიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც წლების განმავლობაში განხორციელდა, იქნებოდა ეს ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული, საგადასახადო თუ იურიდიული. ჩვენი სერვისების ცნობადობა ჩვენი პარტნიორების მეშვეობითაც იზრდება, ისინი ქმნიან წარმოდგენას ჩვენი სერვისების მნიშვნელობის შესახებ. ვფიქრობ, ბიზნესი ნელ-ნელა ევროპული მართვის მეთოდებზეც გადავა, შესაბამისად, თუ გვინდა, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი, ბიზნესისთვისაც მნიშვნელოვანია, ის მეთოდები და მიდგომები გაიზიაროს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და ეს ნამდვილად არის საერთაშორისო, დროში გამოცდილი საუკეთესო პრაქტიკები.

magti 5g