საქართველოს ბიზნესასოციაციაში კომენდანტის საათის სულ მცირე 2 საათით გადაწევის აუცილებლობაზე საუბრობენ. ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ სოციალური თუ სხვა ვალდებულებების დასაფინანსებლად და ზოგადად ქვეყნის საზოგადოებრივი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის საჭიროა ძლიერი ეკონომიკის არსებობა, რის საფუძველსაც სწორედ რომ ბიზნესი ქმნის.
აღნიშნულის ფონზე, უკიდურესად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს ბიზნესსექტორს, რომელიც, თავის მხრივ, პანდემიის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა.
„ვიზიარებთ რა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების სამართლიან და ობიექტურ ინტერესებს, ვაცხადებთ, რომ დღეს ბიზნესსექტორისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სრული გახსნა და დაწესებული შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება. უპირველეს ყოვლისა, კი აუცილებელია კომენდანტის საათის გაუქმება, ან მისი სულ მცირე 2 საათით გადაწევა. კომენდანტის საათის ამ შინაარსით არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიების საოპერაციო ხარჯებს, არ იძლევა ეკონომიკური სარგებლის მიღების საშუალებას და შესაბამისად, მძიმე ტვირთად აწვება და აუარესებს პანდემიის გამო კომპანიების ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ ფინანსურ მდგომარეობას.
კომენდანტის საათის თუნდაც 23:00 საათამდე გადაწევა უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება იმისათვის, რომ ბიზნესსუბიექტებმა თანდათანობით დაიწყონ ჩვეულებრივ რეჟიმში საქმიანობა და შეძლონ იმ ზარალის შემცირება, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში განიცადეს და დღესაც განიცდიან. აღნიშნული ასევე პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ბიზნესსუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან,“ – აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.