გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, თბილისში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას 20 ოქტომბერს „პულმან თბილისი აქსის თაუერსი“ უმასპინძლებს.
ცერემონიაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
- SDG4 ხარისხიანი განათლება;
- SDG8 ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;
- SDG9 მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;
- SDG12 მდგრადი მოხმარება და წარმოება;
- SDG16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები;
- SDG17 პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის;
ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და შვედეთის სამეფოს ელჩი, ულრიკ ტიდესტრომი გახსნიან.
ნომინაციებში გამარჯვებულებს დააჯილდოებენ: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, შვედეთის სამეფოს ელჩი, ულრიკ ტიდესტრომი, იაპონიის ელჩი საქართველოში, აკირა იმამურა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი, ოლექსანდრ შულჰა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე.
ღონისძიებას დაესწრებიან კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ უკვე მესამედ გაიმართება მედიის წარმომადგენლების დაჯილდოება – მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში. მიმდინარე წელს გამართული კონკურსის შედეგად გამარჯვებულები ორ ნომინაციაში გამოვლინდებიან – კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი და ციფრული/ბეჭდური სტატია.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო იმართება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ინფორმაცია ჯილდოს შესახებ:
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო საქართველოში მოქმედ კომპანიებს უკვე მეხუთედ გადაეცემათ. კონკურსი მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულია. ეს არის ჯილდო
კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.
გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს:
• მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში;
• წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე;
• საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში;
• გასულ წლებში ჯილდო გადაეცათ კომპანიებს როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესიდან – მათ შორის იყვნენ საბანკო, სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა სფეროების წარმომადგენლები.