LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესსექტორის ბრუნვა 17.3%-ით გაიზარდა

business

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე საქსტატის მიერ 2018 წლის მესამე კვარტლის, ბიზნესსექტორის სტატისტიკურ მაჩვენებლებს აფასებს.

„2018 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა და 21.8 მლრდ. ლარი შეადგინა. მათგან მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 26.0 პროცენტით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 11.2 პროცენტით გაიზარდა. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის III კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების ზრდა ფიქსირდება.

„საქსტატის“ თანახმად, ბიზნესსექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 6.3%), სასტუმროსა და რესტორნების (ზრდა 9%), ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 4.6%) და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (ზრდა 13.9%) სექტორები.

საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში. ბიზნესსექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ხელოვნების, გართობის და დასვენების (ზრდა 136.6%.) და ვაჭრობის (ზრდა 12%) სექტორებმა შეიტანეს. ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება გამოშვების ზრდაც. გამოშვების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ტრანსპორტირებისა და დასაწყობების (ზრდა 11.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 41.9%) და ვაჭრობის (ზრდა 5.6%) სექტორებმა შეიტანეს. აღნიშნულ პერიოდში ბიზნესსექტორის გამოშვება 10.7 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 5.6%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება კი 9.8 პროცენტით გაიზარდა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში გამოშვების ზრდა გამოწვეულია აღნიშნულ მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნით, ახალი საწარმოების ამოქმედებითა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მატებით. მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვაჭრობის სექტორში გამოშვების ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მსხვილი საწარმოების ქსელის გაფართოება და ახალი საწარმოების ამოქმედება განიხილება.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების და ინოვაციების წახალისების მიმართულებით.

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, რაზეც მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები მიანიშნებს. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის კონკურენტუნარიანობა იზრდება,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g