LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლოგერის სალომე კასრაძის თავის მოვლის წესები – სილამაზის აკადემია

26
სალომე-კასრაძე

ბლოგერის სალომე კასრაძის თავის მოვლის წესები – ამ თემაზე სალომე კასრაძემ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ისაუბრა.

რა არის შენი მთავარი მეთოდი თავის მოვლის დროს?

ჩემთვის თავის მოვლა არ შემოიფარგლება მხოლოდ გარეგნობაზე ზრუნვით, ეს არის პიროვნული თვითგანვითარებაც. ეს ორი: გარეგნობაზე ზრუნვა და პიროვნული განვითარება ერთმანეთს არ უშლის ხელს, ორივეს თანაბარი ყურადღება შეიძლება მივაქციოთ.

გარეგნობაზე მრავალმხრივ შეიძლება იზრუნოს ადამიანმა: ზრუნავდეს სხეულის სილამაზეზე, უვლიდეს კანს, თმას, იტაცებდეს მოდა, და ა.შ. ჩემი ინტერესია კანის მოვლა და ზრუნვა სხეულის ჯანმრთელობაზე. ეს ერთგვარი თერაპიაცაა, მაგალითად ძილის წინ ის 5-10 წუთი, რაც სახის მოვლისთვის მჭირდება, ძალიან მამშვიდებს და კარგ განწყობას მიქმნის. ასევე ის პროცედურებიც, რასაც კანის მოვლისთვის ვიკეთებ. მაგრამ, მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, რას ვუკეთებთ ჩვენს კანს, რა პროდუქტებს ვიყენებთ. რადგან ზოგჯერ, როცა გვგონია, რომ კანს ვუვლით, სინამდვილეში, შეიძლება ვაზიანებდეთ.

არსებობს თუ არა კანის მოვლის უნივერსალური წესი? 

მნიშვნელოვანია დავიცვათ კანის მოვლის 3 საფეხური – დაბანა, დატენიანება და მზისგან დაცვა. ეს არის ის საფუძველი, რომელიც კანის მდგომარეობის მიუხედავად უცვლელი რჩება. არა აქვს მნიშვნელობა მშრალი კანი გვაქვს, ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი თუ 40 წელს გადაცილებული, მთავარია გვახსოვდეს, რომ დილით სახის დაბანა და მზისგან დამცავის გამოყენება აუცილებელია. ღამე კი მაკიაჟის კარგად მოშორება, კანის გასუფთავება და დატენიანება. სხვა პროდუქტები, მაგალითად შრატები, ამქერცლავები, უკვე საჭროების მიხედვით უნდა გამოვიყენოთ.

რაც შეეხება კანის ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა აკნე, როზაცეა, ატოპიური დერმატიტი და ა.შ. აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი და მისი მეთვალყურეობა. სხვა შემთხვევაში მხოლოდ მოვლის საშუალებები შეიძლება არასაკმარისი იყოს, ან უფრო მეტიც, გაართულოს მდგომარეობა.

შენი ბლოგი მასტერკლასების ორგანიზებასაც გულისხმობს. რა არის SAKOSI მასტერკლასი?

დიახ, როგორც ვახსენე, ჩემი აუდიტორია დაინტერესებულია თვითგანვითარებით, თვითაღზრდით და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით. SAKOSI მასტერკლასზე კი მათ ვირტუალური სივრციდან რეალურ სივრცეში ვეპატიჟები. 2020 წლიდან მათ არაერთ ტრენინგსა თუ მასტერკლასზე ჰქონდათ დასწრებისა და ფსიქოლოგების ტრენინგებში მონაწილეობის საშუალება. ამჯერად SAKOSI მასტერკლასის ორგანიზებით ვმართავთ ღონისძიებას ,,რაც ქალებს აძლიერებს”. ეს ცოტა განსხვავებული ფორმატია. ამჯერად აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ექიმებიც, წარმატებული ქალებიც და რა თქმა უნდა, ფსიქოლოგებიც. თემა ძალიან საინტერესოა, სხვათა შორის არამარტო ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც. რადგან ეხება ქალის პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის წონასწორობას. სამწუხაროდ, რაც არ უნდა ძლიერები ვიყოთ თეორიაში: როგორ დავაბალანსოთ ოჯახი და საქმე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, კარიერული წინსვლა და პირადი ბედნიერება, მაინც ყველას გვჭირდება პრაქტიკული რჩევები და იმ მეთოდების ცოდნა, რაც თეორიულ ცოდნას ცხოვრებისეულ გამოცდილებად გვიქცევს. გვჭირდება სხვისი მაგალითები და პროფესიონალებისა და თუ ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტებისგან სწავლა. გვჭირდება გეზის მიმცემი, რადგან ძალიან იშვიათად თუ ხდება ისე, რომ ადამიანი მაგალითად მედიცინაშიც, ბიზნესშიც და ფსიქოლოგიაშიც თანაბრად განსწავლული იყოს. ხშირად გვგონია, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით და სწორედ ეს არის განვითარების შემაფერხებელი. ვერა, მე ვერ მეცოდინება ადამიანის ფსიქოლოგიაზე იმაზე მეტი, ვიდრე მეცნიერს, რომელიც ათწლეულებია იკვლევს ადამიანის ფსიქიკას, მე ვერ მეცოდინება იმ ბიზნეს ლიდერზე მეტი, ვისაც 5 მილიონი აქვს ბრუნვა წელიწადში, მე ვერ მეცოდინება იმ ნევროლოგზე მეტი, ვინც წლებია იკვლევს ძილის დარღვევებს. მთავარია მქონდეს სწორი მისამართები, ვის მივაკითხო, ვის ვკითხო აზრი და ვინ იყოს ჩემი მენტორი. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ითვალისწინებს ჩემს ბუნებას, ჩემს გამოცდილებას, ჩემი ხასიათის თავისებურებებს და ამის მიხედვით მაჩვენებს გეზს. ადამიანი, რომელიც სქოლასტიკურ, დოგმატურ ცოდნას მახვევს თავს, ვერასდროს იქნება ჩემთვის სარგებლის მომტანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები