გერმანულმა ავტო კონცერნმა BMW-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კომპანიამ ისტორიაში უკვე 2 მილიონი სერიული ელექტრომობილი გამოუშვა.
საიუბილეო ავტომობილი BMW i5 M60 გახდა, რომელიც ესპანელი მყიდველისთვის დამზადდა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ელექტრომობილების წარმოების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ერთი მილიონი ელექტრომობილის აწყობას BMW-ს 11 წელი დასჭირდა – პირველი სრულფასოვანი სერიული ელექტრომობილი კომპანიამ 2013 წელს გამოუშვა, მეორე მილიონის წარმოებას მხოლოდ 2 წელი ეყო.

საიუბილეო ავტომობილი გერმანიის ქალაქ დინგოლფინგის ქარხანაში აიწყო, სადაც ელექტრომობილების წარმოება 2021 წელს დაიწყო. ამ საწარმოში ამჟამად BMW iX, BMW i5 და BMW i7 იწარმოება.
კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს დინგოლფინგის ქარხანაში აწყობილი ყველა BMW-ს მეოთხედზე მეტი სრულად ელექტრული იყო.
თუმცა ელექტრომობილების წარმოების ზრდის ტემპით BMW კვლავ ჩამორჩება მასობრივი სეგმენტის მწარმოებლებს. მაგალითად, Volkswagen-მა მეორე მილიონი ელექტრომობილის წარმოებას დაახლოებით 10 თვე მოანდომა.

გამოცემა Carscoops-ის შეფასებით, მომავალში BMW-ს ზრდის ტემპი შესაძლოა შენელდეს, რადგან ტრადიციული ბრენდების ელექტრომობილებზე გლობალური მოთხოვნა მცირდება. მიუხედავად ამისა, კომპანია ახალი ელექტრული მოდელების მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს.
მათ შორისაა Neue Klasse-ის ახალი ოჯახი და მომავალი თაობის BMW X5, რომელიც ისტორიაში პირველად სრულად ელექტრულ ვერსიასაც მიიღებს.